ტოკიოს ოლიმპიადაზე სტარტი აიღო საკალთბურთო ტურნირმა, რომლის პირველივე სათამაშო დღეს დიდი სენსაცია დაფიქსირდა: ვინსენ კოლეს გაწვრთნილმა საფრანგეთის ნაკრებმა 83:76 დაამარცხა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები.
შეხვედრი სტარტი თანაბარი გამოვიდა, ვერცერთი ნაკრები ვერ ახერხებდა დიდი სხვაობით წინ გასვლას, თუმცა პირველი მეოთხედის მიწურულს ამერიკელებმა 10:0 გაქცევა მოაწყვეს და 22:15 დაწინაურდნენ.
მეორე პერიოდში „დრიმ თიმი“ ინარჩუნებდა მოპოვებულ უპირატესობას, ზედიზედ 2 სამქულიანი ჩააგდო დამიენ ლილარდმა, კონტრშეტევაზე კარგად მოქმედებდა ზაკ ლავინი.
ფრანგები ცდილობდნენ მეტოქე დიდი სხვაობით არ გაეშვათ წინ. სამწამიან ზონაში დომინირებდა რუდი გობერი, პირად დუელში მან აშკარად დაჩაგრა ამერიკელთა მაღალი მოთამაშეები.
შეხვედრის ბედი მესამე მეოთხედში გადაწყდა, როდესაც 10 წუთიან პერიოდში ნბა-ს ვარსკვლავებით გადავსებულმა ამერიკის ნაკრებმა მხოლოდ 11 ქულა ჩააგდო, საკუთარ კალათში კი ერთბაშად 25 მიიღო.
ფრანგთა უკანახაზელებმა მათზე დაკისრებული მისია იდეალურად შეასრულეს, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში და საკუთარ ქვეყანას ისტორიული გამარჯვება მოაპოვებინეს 83:76.
მატჩის გმირი ევან ფურნიე გახდა, რომლის ანგარიშზეც 25 ქულა გახლდათ, 13 ქულა მოაგროვა ნანდო დე კოლომ. ერთი მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე რუდი გობერს 14 ქულა+9 მოხსნა.
ამერიკელთა რიგებში 20 ქულის დაგროვება ვერცერთმა კალათბურთელმა ვერ შეძლო. მათ რიგებში ყველაზე შედეგიანი ჯრუ ჰოლიდეი იყო 18 ქულით.
2004 წლის ათენის ოლიმპიადის შემდეგ ამერიკის საკალთბურთო ნაკრებმა პირველად წააგო ოლიმპიურ თამაშებზე. 17 წლის წინ, ტიმ დანკანის და ალან აივერსონის „დრიმ თიმმა“ ნახევარფინალური მატჩი დათმო არგენტინასთან 81:89.
ამერიკის ნაკრებმა 2008, 2012 და 2016 წლის ოლიმპიადები მატჩის წაუგებლად მოიგო და მათი მოგებათა სერია 25 მატჩს გაგრძელდა.