საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პლეი-ოფის პირველ მატჩში ფინეთს უმასპინძლა და შეხვედრა 22:22 დასრულდა.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და საკმაოდ საინტერესო გამოდგა. ანგარიში ქართველებმა გახსნეს, თუმცა სტუმრებმა შემდეგ 4 უპასუხო ბურთი შეაგდეს. როგორც უკვე გითხარით, მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიდიოდა და პირველი ტაიმი 8:9 დასრულდა.
მეორე ტაიმი ქართველებმა აქტიურად დაიწყეს და ფინელები უმეტესად მდევრის როლში იყვნენ. ბოლო წუთებზე ჩვენებმა 3 ქულიანი უპირატესობა გაუშვეს. 22:21 იყო და მატჩის დამთავრებამდე 3 წამი იყო დარჩენილი, როცა სტუმრებმა კარგი კომბინაცია გაითამაშეს და შეტევა გოლით დასრულდა – 22:22.
ამ გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 9 იანვარს ფინეთში შედგება.
ქართველთა მხრიდან გოლები კბილაშვილმა (3), ცხოვრებაძემ (6), ორჯონიკიძემ (7), ჭანტურიამ, აბრამიშვილმა, დიხამინჯიამ, არსენიშვილმა (2), და ცინცაძემ გაიტანეს.