საქართველოს თასი – 1/2 ფინალში ფავორიტები გავიდნენ

დღეს, 28 ოქტომბერს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/4 ფინალური მატჩები გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანში ფავორიტმა გაიმარჯვა და თითოეულში სტუმრებმა მოიგეს.

ყველაზე დიდ ინტერესს საგურამოში გამართული შეხვედრა იწვევდა, სადაც ლოკომოტივმა დინამო ბათუმს უმასპინძლა. 4 1/4 ფინალიდან ერთადერთი შემთხვევა იყო, სადაც ერთმანეთს ეროვნული ლიგის 2 გუნდი ხვდებოდა. მატჩმა აჭარელთა უპირატესობით ჩაიარა და გეგუჩაძის გუნდმა 3:1 მოიგო. ანგარიში მე-15 წუთზე ჯაბა ჯიღაურმა გახსნა, 5 წუთში გიორგი ფანცულაიამ შეაგდო, 35-ზე 1 ბურთი თორნიკე კირკიტაძემ გაქვითა, მატჩს კი წერტილი ვლადიმერ მამუჩაშვილმა დაუსვა, რომელმაც 54-ე წუთზე შეაგდო.

ფავორიტის სტატუსი გაამართლა საბურთალომაც, რომელმაც გარეჯს 2:1 მოუგო. ანგარიში მე-20 წუთზე ლევან ნონიკაშვილმა გახსნა, 10 წუთში ფრანცისკო ბრავომ გაათანაბრა. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ დამატებითი დრო უნდა დანიშნულიყო, თუმცა 89-ე წუთზე იური ტაბატაძემ მშვენიერი გოლი შეაგდო და გუნდი 1/2 ფინალში გაიყვანა.

ასევე 1:2 დასრულდა გაგრა – შუქურას დაპირისპირება. ქობულეთელებმა თასის მოქმედ გამარჯვებულს ქამბექით მოუგეს. 54-ე წუთზე ანგარიში ოთარ ფარულავამ გახსნა, 72-ზე ჯერ ლევან ინგოროყვამ გაათანაბრა, 83-ზე კი ჯუნინიო კაბრალმა შეაგდო და გიორგი შაშიაშვილის გუნდი 1/2 ფინალში გავიდა.

ყველაზე დაძაბული მატჩი გორში გაიმართა, სადაც გორმა სამგურალს უმასპინძლა. აღნიშნულ შეხვედრაში 4 ტაიმი და 2 წითელი ბარათი იყო, გუნდებმა თამაში 10-10 კაცით დაამთავრეს. მე-19 წუთზე სამგურალი გიორგი ბუხაიძემ დააწინაურა, პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე პაპუნა ფონიავამ პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო. მეორე ტაიმში გორმა მოუმატა და ამან შედეგი გამოიღო. 68-ე წუთზე ნოდარ ბარამიძემ ანგარიში გაათანაბრა. თამაში დამატებით ტაიმებში გადავიდა და 96-ე წუთზე გორიც 10 კაცით დარჩა. მსაჯმა ბექა მუმლაძეს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედანი დაატოვებინა. საბოლოოდ გამარჯვების გოლი ილია ახვლედიანმა გაიტანა და სამგურალი შემდეგ ეტაპზე გავიდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *