საქართველოს მეტოქე, ბულგარეთი

თუკი ერთა ლიგის C საფეხურის მეოთხე ჯგუფში ვინმე იტყვის მე თუ არა აბა პირველზე ვინ უნდა გავიდესო, ეს ბულგარეთი იქნება. ყველაზე ტიტულოვანია და იმიტომ. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა, 1956 წლის ოლიმპიადაზე ბრინჯაო, ხოლო 1968 წლისაზე ვერცხლი მოიგო. 94-ში „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული ჰყავდა — ხრისტო სტოიჩკოვი, „ბარსელონას“ ძალიან მაგარი თავდამსხმელი; 1995 წელს კი ფიფას რეიტინგში მე-7 პოზიცია ეკავა. თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენ თვითონ დღემდე 1981 წლის თასების თასი გვიმაგრებს ზურგს, მისი ამბიცია აღარ გაგვიკვირდება.

თან ბულგარელები სტატისტიკას ჩახედავენ და იტყვიან: საქართველოს ექვსჯერ ვეთამაშეთ და ოთხჯერ მოვუგეთო. იმასაც დასძენენ, ამ ოთხი მოგებიდან ორჯერ 6:2 იყო, ერთხელ კი 4:1-იო.

ისინი ჩრდილო მაკედონიასთან ნათამაშევსაც გადახედავენ და ნახავენ, რომ საქართველოსგან განსხვავებით შვიდივე შეხვედრა ამხანაგური ჰქონიათ ანუ ისეთი, თავის მოკვლა მაინცდამაინც რომ არ იყო საჭირო და მაინც, ამ ამხანაგობა-მეგობრობაში ოთხი თამაში მათი გამარჯვებით დამთავრებულა, მოწინააღმდეგეს კი მხოლოდ ორჯერ უჯობნია. განსხვავება ისიც არის, რომ ბულგარეთს მაკედონიისთვის 6:2-ები არ მოუგია, მაქსიმუმი 3:0 იყო და ისიც ერთხელ.

რაც შეეხება გიბრალტარს, მას ბულგარელები ერთხელ შეხვდნენ და 3:0 მოუგეს. ეს 2020 წელს სოფიაში, ამხანაგურ მატჩში მოხდა.

PREVIEW | ბულგარეთი V საქართველო - ვის და რას შეცვლის სანიოლი? - popsport

თუმცა, ისეც არ არის საქმე საქართველოს ბულგარეთთან „ტკბილი მოგონება“ რომ არ ჰქონდეს. 2008 წლის 0:0-ს თავი დავანებოთ, — ეგ რა ტკბილი მოგონებაა — 1995 წლის ოქტომბერში იყო მაგარი, შოთა არველაძის და გიო ქინქლაძის გოლებით 2:1 რომ მოვუგეთ. შოთამ ანგარიში პირველივე წუთზე გახსნა, გიომ კი პენალტი შეუგდო.

იმ შეხვედრაში საქართველომ მეტოქეს ალალად აჯობა.

არადა, მტრისას როგორი ამპარტავანი გუნდი იყო მაშინ ბულგარეთი. 94-ის ისტორიული მუნდიალი ახალი მოლეული ჰქონდა და ყველას ღრუბლებიდან ელაპარაკებოდა, მიწაზე ფეხის დადგმას არ კადრულობდა. იმ შეხვედრის 88-ე წუთზე სტოიჩკოვმა გაგვიტანა და თამაშის მერე პატარა ბიჭმა ავტოგრაფისთვის რომ მიირბინა, ხელი გაკრა. სტოიჩკოვთან შედარებით წლეულს ზლატანი მოედანზე ჩასახუტებლად შევარდნილ ბათუმელ ბავშვს მე-19 საუკუნის ინგლისელი არისტოკრატივით მოექცა.

მეც მაქვს ბულგარეთზე ჩემი წილი მოგონება. ზემოთ ხსენებულ მოგებამდე ერთი წლით ადრე, 1994 წლის ოქტომბერში, საქართველოს ნაკრებთან ერთად სოფიაში გახლდით. ეს იყო სტოიჩკოვისა და მისი გუნდის პირველი გამოჩენა თავისი მაყურებლის წინაშე მსოფლიოს ჩემპიონატზე საამაყო გამოვლის შემდეგ. უნდა გენახათ რა ხდებოდა. ცხვირი სადამდე ჰქონდათ აწეული. მაშინ შედგა ბულგარეთისა და საქართველოს პირველი დაპირისპირება და მე „ვასილი ლევსკიზე“, პირველად ვნახე რომ თურმე სტუმარი გუნდის ჰიმნს შეიძლება უსტვინო. თან ქართველ ჟურნალისტებს ბილეთები პრესის ლოჟაში კი არა, სადღაც ტაბლოსთან მოგვცეს. ეს ამბავი სტადიონზე რომ მივედით, იქ აღმოვაჩინეთ. ავტეხეთ ერთი ამბავი. იცოდეთ, თბილისში თქვენს მედიას თამაშზე საერთოდ არ შევუშვებთო, დავემუქრეთ. ამან გაჭრა თუ სხვა რამემ არ ვიცი, მაგრამ საბოლოოდ სადაც საჭირო იყო, იქ დაგვსვეს.

ბულგარეთი 4:1 საქართველო - ეროვნული ნაკრები

იმ დღეს ჩვენებმა ცუდად არ ითამაშეს. მწარედ მახსოვს, საქმე 55-ე წუთზე აგვერია, როდესაც მასპინძლებმა თამაშში გვიანი შესვლის ოსტატი ემილ კოსტადინოვი ჩართეს და… იქ შეგვეშალა რაღაც. არ ვიცი ბიჭებს ყურადღება გაეფანტათ თუ უცბად ვერ გადაჯგუფდნენ… კაცმა, რომელიც მოედანზე 55-ე წუთზე შევიდა, 55-ე წუთზევე გაგვიტანა, 61-ზე კი მეორედაც შეაგდო. მოკლედ, ხუთი წუთი მეტოქის ცვლილებას ალღო ვერ ავუღეთ. ან უბრალოდ გაუმართლათ.

და აი, წლების შემდეგ ერთა ლიგის C საფეხურის მორიგი გათამაშების მეოთხე ჯგუფში ჩვენი მეტოქე ისევ ბულგარეთია. მაშინდელთან შედარებით დაუძლურებული, მაგრამ წარსული დიდების მზით გამთბარი და რასაკვირველია ამბიციური.

ალბათ, დარწმუნებულია, რომ გვაჯობებს და პირველზე გავა.

კარგია, ეგონოს…

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *