დღეს, შვეიცარიის დაბა მიესში გაიმართა 2023 წლის საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა.
32 ევროპული ნაკრები 8 ჯგუფში გადანაწილდა. 2 ჯგუფური ეტაპის შემდეგ გაირკვევა ის 12 ქვეყანა, რომელიც მოიპოვებს მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს.
საქართველოს ნაკრები G ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები ესპანეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის და უკრაინის ნაკრებები იქნებიან.
პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ (6 მატჩი, სამივე მეტოქესთან მოგვიწევს შინ და გარეთ პრინციპის მიხედვით 2-2 მატჩის ჩატარება) საუკეთესო შედეგის მქონე 3 ნაკრები გააგრძელებს ასპარეზობას მეორე ჯგუფურ ეტაპზე, ბოლო ადგილოსანი კი გამოეთიშება.
G ჯგუფის 3 საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები მეორე ეტაპზე გაერთიანდება H ჯგუფის სამ საუკეთესო ნაკრებთან და 6 გუნდიან ახალ ჯგუფს შექმნის (H ჯგუფი – რუსეთი, ნიდერლანდები, ისლანდია, იტალია).
მეორე ეტაპზე გასვლის შემთხვევაში საქართველოს ნაკრებს გადაყვება პირველ ეტაპზე ნაჩვენები შედეგი.
მეორე ჯგუფურ ეტაპზე ილიას ზუროსის გაწვრთნილ გუნდს თამაში მხოლოდ H ჯგუფის გუნდებთან მოუწევს.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი 15 თვე გაგრძელდება – 2021 წლის ნოემბრიდან 2023 წლის თებერვლამდე.
პირველი ეტაპი
I ფანჯარა: 2021 წლის 22-30 ნოემბერი;
II ფანჯარა: 2022 წლის 21 თებერვალი – 1 მარტი;
III ფანჯარა: 2022 წლის 27 ივნისი – 5 ივლისი;
მეორე ეტაპი
IV ფანჯარა: 2022 წლის 22-30 აგვისტო;
V ფანჯარა: 2022 წლის 7-15 ნოემბერი;
VI ფანჯარა: 2023 წლის 20-28 თებერვალი.
მსოფლიოს მომავალი ჩემპიონატი 2023 წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით სამ ქვეყანაში – იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებში ჩატარდება.
კალენდარი
21 ნოემბერი, 2021
საქართველო-უკრაინა
29 ნოემბრი, 2021
ესპანეთი-საქართველო
24 თებერვალი, 2022
საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონია
27 თებერვალი, 2022
ჩრდილოეთ მაკედონია-საქართველო
1 ივლისი, 2022
უკრაინა-საქართველო
4 ივლისი, 2022
საქართველო-ესპანეთი