საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს უახლოვდება

გრძელდება 2023 წლის საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი. G ჯგუფის, მეოთხე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში მეტოქე 79:65 დაამარცხა. ამ გამარჯვების ფონზე საქართველომ პირველი ჯგუფური ეტაპი ოფიციალურად გადალახა და მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.

null

შეხვედრის სტარტი მაკედონიელებს უკეთესი გამოუვიდათ – მშვენივრად მოქმედებდა “ვალენსიას” ლიდერი ნენად დმიტრიევიჩი, რომლის კარგი ასპარეზობის ფონზე (8 ქულა) მასპინძლებმა საწყისი მეოთხედი 21:18 მოიგეს.

საქართველოს ნაკრებში არ წაუვიდა სროლები გიორგი შერმადინს, მის გარეშე კი გუნდს განსაკუთრებით შეტევაში გაუჭირდა. ილიას ზუროსმა გადააწყო სათამაშო ტაქტიკა და უკანახაზელებმა მაკედონია პერიმეტრიდან დაბომბეს – სანაძემ, მაკფადენმა და ბოქოლიშვილმა არაერთი სამქულიანი ჩაუგდეს მეტოქეს და შეხვედრაში ლიდერობა დავიბრუნეთ 43:35.

null

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებს ისევ ჩავარდნა დაეწყო, რისი წყალობითაც მეტოქემ მოახერხა 2 ქულამდე შეემცირებინა ჩამორჩენა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში ჯერ თად მაკფადენმა ჩააგდო პერიმეტრიდან, რასაც დუდას ზუსტი ტყორცნა მოყვა და საქართველო ისევ წინ გაიქცა ანგარიშში.

სტუმრებმა შეხვედრის ბოლომდე უპრობლემოდ შეინარჩუნეს მოპოვებული ჰანდიკაპი და 79:65 იმარჯვეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე თად მაკფადენი გახდა, რომლის ანგარიშზეც 24 ქულა და 5 მოხსნა იყო. ყველაზე მაღალი მარგიქმედების კოეფიციენტი გიორგი შერმადინს ქონდა +21 (13 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი). ტრადიციულად ძალიან აქტიური იყო კახა ჯინჭარაძე, რომელმაც ერთნაირად კარგად ითამაშა როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში – 8 ქულა, 8 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 1 პასი. კარგად იმუშავეს უკანა ხაზელებმა: 11 ქულა ჩააგდო მერაბ ბოქოლიშვილმა, 10 დუდა სანაძემ, 8 მიშა ბერიშვილმა.

ჩრდილოეთ მაკედონიის რიგებიდან გამორჩეული ნენად დიმიტრიევიჩი იყო – 25 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი. 13 ქულა ქონდა სტოიანოვსკის, 11 ბოიან კრსტევსკის. ჯეიკობ ვილის 1 მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე 10 ქულა+9 მოხსნა.

null

საქართველოს ნაკრებმა პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 4 მატჩი გამართა და 3 მოიგო. ილიას ზუროსის გაწვრთნილ გუნდს ზაფხულში 2 მატჩის ჩატარება მოუწევს: 1 ივლისს უკრაინას გასვლაზე ვეთამაშებით, ხოლო 4 ივლისს ესპანეთს ვმასპინძლობთ.

დარჩენილ 2 შეხვედრაში თუნდაც ერთი გამარჯვების მოპოვება უმნიშვნელოვანესი იქნება, რადგან პირველ ჯგუფურ ეტაპზე ნაჩვენები შედეგი საქართველოს მეორე ეტაპზეც გადაყვება და ეს კიდევ უფრო მიგვაახლოვებს მსოფლიო ჩემპიონატს.

Leave a comment

Your email address will not be published.