საქართველოს ნაკრებმა კვლავ მოიგო!

საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრის ეგიდით, გორში, საქართველოს ნაკრებმა უზბეკეთი მიიღო.

მართალია ამ შეხვედრას სატურნირო მოტივაცია არ ჰქონდა, თუმცა ჩვენს ფეხბურთელებს წინა ორი მატჩი (კოსოვოსთან და შვედეთთან) მოგებული ჰქონდათ და გამარჯვების სერიის შექმნა ყოველთვის მნიშვნელოვანია. თანაც, წლის ბოლო მატჩი იყო, ფსიქოლოგიური კუთხით წარმატება ნაკრებზე კარგად იმოქმედებდა.

შვედეთთან განსხვავებით, სანიოლმა შეტევის სამეული და მეკარე შეცვალა. გიორგი ლორიას ნაცვლად, კარში ლაზარე კუპატაძე იდგა, კვარაცხელია, ოქრიშვილი, წიტაიშვილის ნაცვლად კი, დღეს ძირითადში – ყაზაიშვილმა, ვოლკოვმა და დავითაშვილმა დაიწყეს.

მატჩის 30 წუთი საქართველოს ნაკრების კარნახით წარიმართა, თუმცა რეალურ მომენტამდე საქმე არ მისულა. ამ დროში, კაშიას დარტყმული შეგვიძლია გავიხსენოთ, რომელიც ხამრობეკოვს ხელზე მოხვდა და მსაჯს თერთმეტმეტრიანი აუცილებლად უნდა დაენიშნა.

30 წუთის შემდეგ, ზოგადად, რაც ამხანაგურ შეხვედრებს ახასიათებს, ჩვენს ფეხბურთელებს შეეტყოთ, რომ კონცენტრაციის ის ხარისხი არ ჰქონდათ, რაც შვედებთან შეხვედრაში. უზბეკეთმა ბურთი დაიჭირა, შემოგვიტია, რამდენიმე მომენტი შექმნა, გოლთან ახლოს იყო, მაგრამ ჩვენ გავიტანეთ! მატჩის 43-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგზე ზურიკო დავითაშვილმა შესანიშნავად ითამაშა, მცველს თავბრუ დაახვია, ჩააწოდა და ვოლკოვმა ნაკრებში სადებიუტო გოლი თავით გაიტანა! მეორე თამაში და გოლი!

რაც შეეხება მატჩის მეორე ნახევარს, კიდევ ერთხელ გამოჩნდა კვარაცხელია ჩვენი გუნდისთვის როგორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია! 61-ე წუთზე, ოქრიაშვილთან ერთად მოედანზე შემოვიდა და განსხვავება შექმნა. როდესაც კვარა ბურთს იღებს, რაღაც ჯადოქრობის მოლოდინი გვაქვს. დღესაც, რამდენიმე ეპიზოდში დიდებულად ითამაშა, ერთერთი დარტყმის შემდეგ კი ბურთმა ხარიხა შეაზანზარა.

მატჩის ბოლოს, უსიამოვნო ეპიზოდი დაფიქსირდა. ერთერთი ვარდნის შემდეგ, აზაროვი და საიფიევი ერთმანეთს ხელით შეეხნენ, რის გამოც მსაჯმა ორივე წითელი ბარათით დასაჯა.

ამ უსიამოვნო მომენტის მიუხედავად, ჩვენმა ნაკრებმა მიყოლებით მესამე თამაში მოიგო! წელი გამარჯვებით დაასრულა!

ეს იმედს გვაძლევს!

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *