საქართველო სოფიაში შერცხვა

საქართველოს ნაკრებმა მორიგი უღიმღამო მატჩი ჩაატარა. ვილი სანიოლის შეგირდები სოფიაში ბულგარეთის ეროვნულ გუნდს ესტუმრნენ და 1:4 განადგურდნენ.

სანამ უშუალოდ შეხვედრაზე გადავალთ, უნდა ითქვას, რომ ვილი სანიოლმა წინა შეხვედრასთან შედარებით, შემტევი შემადგენლობა დააყენა, რამაც იმედი მოგვცა, თუმცა ამაოდ. დებიუტი ჰქონდათ გიორგი მამარდაშვილს და საბა ხვადაგიანს. 1 წლიანი პაუზის შემდეგ, ნაკრების ძირითადში ითამაშა გიორგი ჩაკვეტაძემ. სამწუხაროდ ამ სამიდან ვერც ერთმა ფეხბურთელმა თავი რაიმე კარგით ვერ დაგვამახსოვრა.

ეს მატჩი ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შეხვედრა გახლდათ, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ჩაატარა. გუნდს თითქმის არაფერი გამოსდიოდა, არ იყო კიმბინაციური თამაში, არ იყო ბრძოლის ელემენტები. ფაქტი იყო, რომ წინა 2 მარცხი ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ჩვენს ბიჭებს ბოლომდე დავიწყებული.

ხშირად ისმის გულშემატკივრების და ექსპერტების მხრიდან, რომ საქართველოს ნაკრებში საქართველოს ჩემპიონატის ფეხბურთელებმაც უნდა ითამაშონ. აღნიშნულ შეკრებაზე ეროვნული ლიგიდან 8 ფეხბურთელი იყო გამოძახებული და მოვიტყუებით თუ ვიტყვით, რომ ბოლო 3 მატჩში რომელიმემ განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა.

დღესაც გამოჩნდა, რომ ჩვენს ნაკრებს აკლდნენ თორნიკე ოქრიაშვილი, ნიკა კვეკვესკირი და ლევან შენგელია, რომლებიც რატომღაც ვერ მოხვდნენ სანაკრებო სიაში.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ბულგარეთი მთელი მატჩი უპირატესობას ფლობდა. პირველი გოლი მე-20 წუთზე ტოდორ ნედელევმა შესანიშნავი ჯარიმით გაიტანა, 14 წუთში დიმიტარ ილიევმა პენალტი შეაგდო, 44-ე წუთი იყო, როცა მცველების უყურადღებობის შედეგად, სპას დელევმა ახლო მანძილიდან გაიტანა, 54-ზე ანდრეა ჰრისტოვმა შეაგდო თავით. მატჩს წერტილი შეცვლაზე შესულმა ზურიკო დავითაშვილმა დაუსვა, რომელმაც ეროვნულ გუნდში სადებიუტო გოლი გაიტანა.

გვესმის, რომ ჩვენს გუნდს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლდა, თუმცა ეს უკვე სამწუხარო ტრადიციად იქცა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ რამდენიმე მოთამაშე მეტოქესაც აკლდა.

საქართველოს ნაკრებმა მორიგი უღიმღამო არაფრისმომცემი შეხვედრა ჩაატარა. იმედი დავიტოვოთ, რომ ჯვაროსნები სიტუაციას გამოასწორებენ და რაღაც მაინც შეიცვლება უკეთესობისკენ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *