საქართველო – უკრაინა 88:83

სტარტი აიღო 2023 წლის საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის პირველმა საკვალიფიკაციო ეტაპმა. G ჯგუფის გახსნით შეხვედრაში საქართველომ თბილისში უმასპინძლა უკრაინას და მძიმე ბრძოლაში 88:83 იმარჯვა.

შეხვედრის სტარტზე, მოედანზე გაიბრწყინა საქართველოს ნაკრების ამერიკელმა ლეგიონერმა თად მაკფადენმა, რომელმაც 7-დან 5 სამქულიანი ჩააგდო და ფაქტობრივად მარტომ მოიგო პირველი მეოთხედი 28:24.

null

მეორე პერიოდში მასპინძლებს გაუჭირდათ – შერმადინს და შენგელიას არ წაუვიდათ სროლები, რითაც მშვენივრად ისარგებლეს უკრაინელებმა და ანგარიშში გალიდერდნენ 46:45. სოლიდურად გამოიყურებოდნენ ვიაჩესლავ პეტროვი და ბოგდან ბლიზნიუკი, რომელთაც საშუალო და შორი დისტანციებიდან დაბომბეს მეტოქის კალათი.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელები საკმაოდ ნელა გადმოდიოდნენ შეტევიდან დაცვაში, რის ხარჯზეც, სწრაფ კონტრშეტევაზე სტუმრებმა არაერთი მარტივი ქულა აიღეს.

null

მესამე მეოთხედში პარკეტზე სახეცვლილი საქართველოს ნაკრები დაბრუნდა. წინა წლებისგან განსხვავებით ზუროსმა მხოლოდ 6-7 კალათბურთელზე არ გააკეთა აქცენტი, მოედანზე 10 ქართველი ვიხილეთ და არცერთ მათგანს არ შეურცხვენია თავი, პირიქით.
შეტევაში აქტიურობდა ალექსანდრე ფევაძე (4 ქულა), მნიშვნელოვან მომენტში ჩააგდო სამქულიანი გივი ბერიშვილმა, ხოლო მომდევნო შეტევაში იდეალური პასი მიაწოდა თანაგუნდელს.

null

დაცვაში ბევრი იმუშავეს მერაბ ბოქოლიშვილმა და მიშა ბერიშვილმა, რითაც ნაკრების ლიდერებს დასვენების საშუალება მისცეს. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე მესამე მეოთხედი მაინც სტუმრებმა მოიგეს და უკანასკნელ 10 წუთიან პერიოდს ლიდერის რანგში შეხვდნენ 66:64.

მეოთხე მეოთხედის მეორე ნახევარში მოედანზე სიტუაცია უაღრესად დაიძაბა – ანგარიში 78:78 იყო, როდესაც თორნიკე შენგელიამ საკუთარ თავზე აიღო ლიდერობა და მის ბრწყინვალე თამაშის ფონზე საქართველო 6:0 გაექცა მეტოქეს 84:78.

null

დარჩენილ მცირე დროში მასპინძლებმა შესანიშნავი გუნდური დაცვა ითამაშეს როგორც პერიმეტრზე,ასევე 3 წამიან ზონაში და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს 88:83.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე საქართველოს ნაკრების ამერიკელი ლეგიონერი თად მაკფადენი გახდა, რომლის ანგარიშზეც 29 ქულა (3-დან 2 ორქულიანი, 12-დან 7 სამქულიანი, 5-დან 2 საჯარიმო), 9 პასი და 4 მოხსნა იყო. მისმა მარგიქმედების კოეფიციენტმა კი +29 შეადგინა.

23 ქულა და 4 პასი ქონდა გიორგი შერმადინს, თუმცა მხოლოდ 2 მოხსნა „შერმასთვის“ საკმაოდ ცუდი შედეგია. სოლიდური ორმაგი დუბლი შეასრულა თოკო შენგელიამ – 16 ქულა, 13 მოხსნა. ტრადიციულად ბევრი იმუშავა შეტევასა და დაცვაში ბექა ბურჯანაძემ – 11 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 1 დაფარება.

null

უკრაინელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი ბოგდან ბლიზნიუკი იყო 18 ქულით, ორმაგი დუბლი შეასრულა ვიაჩესლავ პეტროვმა – 16 ქულა, 12 მოხსნა. საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა სათადარიგოთა სკამიდან შემოსულმა ტრიომ – ჯერომ რენდლი (15 ქულა), შერილ პავლოვი (10 ქულა), ილია სიდოროვი (9 ქულა).

საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას ორშაბათს, 29 ნოემბერს ჩაატარებს ესპანეთის უძლიერეს ნაკრებთან. მატჩი ქალაქ ხაენში გაიმართება.

Leave a comment

Your email address will not be published.