2022 წლის მამაკაცთა საჩოგბურთო სეზონი ATP CUP-ით 1 იანვარს გაიხსნება. პრესტიჟულ სანაკრებო ტურნირზე მონაწილეობას იღებს საქართველოს ნაკრები, რომელიც პირველივე დღეს არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრები კენჭისყრის შედეგად D ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები არგენტინის, პოლონეთის და საბერძნეთის ნაკრებები არიან.
ჩვენი საჩოგბურთო ნაკრების განრიგი ასეთია – პირველ იანვარს არგენტინას ვეთამაშებით, 3 იანვარს პოლონეთს, ხოლო 5-ში საბერძნეთს.
D ჯგუფის გამარჯვებული ნახევარფინალში გადის, სადაც მისი მეტოქე A ჯგუფის საუკეთესო გუნდი იქნება.
დიდი ბრძოლებია მოსალოდნელი A ჯგუფში, სადაც თავი მოიყარეს სერბეთის, ესპანეთის, ნორვეგიის და ჩილეს ნაკრებებმა. პირველ სათამაშო დღეს ნოვაკ ჯოკოვიჩი თავისი სერბეთით კასპერ რუუდის ნორვეგიას დაუპირისპირდება, ესპანეთის უძლიერესი ნაკრები კი ჩილეს. წესით გადამწყვეტი უნდა გამოდგეს მესამე ტურის შეხვედრა, როდესაც ჯგუფის ლიდერები ერთმანეთს ხვდებიან ესპანეთი VS სერბეთი.
ურთულესი ჯგუფია B, ტურნირის მოქმედი გამარჯვებული რუსეთი, ავსტრია, ავსტრალია და იტალია მოხვდა. პირველივე ტურში დანილ მედვედევი დომინიკ ტიმს ხვდება (რუსეთი vs ავსტრია), ჯერჯერობით ურთიერთშეხვედრებში ავსტრიელი უგებს დანილს 3:2-ს.
იანიკ სინერით და მატეო ბერეტინით გაძლიერებული იტალიის ნაკრები კი მასპინძელ ავსტრალიას დაუპირისპირდება.
C ჯგუფში გამოკვეთილი ფავორიტი არ არსებობს, სადაც თავი მოიყარეს კანადის, ამერიკის, გერმანიის და დიდი ბრიტანეთის ნაკრებებმა. პირველივე ტურში კანადა ა.შ.შ-ს დაუპირისპირდება, ხოლო გერმანია დიდ ბრიტანეთს.
C ჯგუფის გამარჯვებული ნახევარფინალში B ჯგუფის საუკეთესოს შეხვდება.