1 იანვარს, ღამის 3 საათზე სტარტს აიღებს ATP CUP-ის რიგით მესამე გათამაშება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს.
საქართველოს ჩოგბურთის ნაკრები D ჯგუფში მოხვდა, ჩვენი მეტოქეები კი არგენტინა, პოლონეთი და საბერძნეთი იქნებიან.
ტურნირი ორი მატჩით იხსნება ჩილე – ესპანეთი და არგენტინა – საქართველო. პირველები კორტზე ალექსანდრე მეტრეველი და ფედერიკო დელბონისი გავლენ.
28 წლის ქართველი ჩოგბურთელი ATP-ის რეიტინგში 571-ე ადგილზე იმყოფება და მატჩის აუტსაიდერად მიიჩნევა. ალექსანდრემ ბოლოს დეკემბერში ითამაშა, ანტალია 3-ის ტურნირზე – პირველივე წრეში წააგო ტიაგო კაკაოსთან, ხოლო ანტალია 4-ზე კვალიფიკაცია ვერ გაიარა.
ფედერიკო ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 44-ე ადგილზე იმყოფება და ATP TOUR-ში აღიქმება როგორც თიხნარის მოთამაშედ. 2021 წელს დელბონისმა 28 მატჩის მოგება შეძლო და ყველა თიხაზე მოახერხა, ჰარდის საფარზე არგენტინელს წარმატებული ასპარეზობა არ გამოსდის – სეზონი 8 მატჩიანი წაგებათა სერიით დახურა.
მელბურნში ჰარდის კორტები იქნება, შესაბამისად ალექსანდრე მეტრეველს, მცირე, მაგრამ მაინც შანსი აქვს რომ უსიამოვნო სიურპრიზები შესთავაზოს არგენტინელ მეტოქეს.
მეორე მატჩი გაცილებთ უფრო ვარსკვლავური გახლავთ – საქართველოს ნაკრების პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი არგენტინის საუკეთესო ჩოგბურთელის დიეგო შვარცმანის წინააღმდეგ.
ჩოგბურთელები ერთმანეთს პირველად ხვდებიან და მატჩის მცირე ფავორიტად დიეგო მიიჩნევა, რომელიც რეიტინგშიც მაღლა იმყოფება ვიდრე ნიკა (შვარცმანი მე-13, ბასილაშვილი 22-ე).
ჰარდის საფარზე ქართველი ჩოგბურთელი ბევრად უკეთესად გამოიყურება, ვიდრე შვარცმანი, რაც ნიკას გარკვეულ უპირატესობას აძლევს მეტოქის წინაშე. უკეთესი ჩაწოდება, აგრესიული თამაშის სტილი – საჩოგბურთო ასპექტები, რომელიც ბასილაშვილის პლიუსებია. კომბინაციური თამაში და სისწრაფე – დიეგოს პლიუსებია.
რომელი ჩოგბურთელიც შეძლებს და მეტოქეს თავზე მოახვევს თავისთვის სასურველ თამაშის სტილს, საბოლოოდ გამარჯვებულიც სწორედ ის გამოვა სიდნეის QUDOS BANK ARENA-დან.
მესამე მატჩი უკვე წყვილთა თანრიგის იქნება – მაქსიმო გონსალესის და ანდრეს მოლტენის წყვილი ალექსანდრე მეტრეველი/ალექსანდრე ბაკშის ტანდემს დაუპირისპირდება.