საშინელი ტრავმები: ლარსონი, ჩეხი, ედუარდო, ახლა ელიოტიც… (ვიდეო)

საშინელი ტრავმები ფეხბურთში… ჰარვი ელიოტის ამბავმა ლივერპულის ფანები გაამწარა: ლიდსთან შეხვედრაში 18 წლის ნახევარმცველს ძალიან არ გაუმართლა და ფეხი მოიტეხა. ლიდსის ფეხბურთელი კასპერ სტრეიკი ეუხეშა. ერთი შეხედვით, ეს არ ჩანდა ზღვარგადასული უხეშობა, მაგრამ ჩანს, რომ ელიოტს ფეხი მოჰყვა ცუდად.

ლივერპული კი დათარსულია: შარშან ამ დროს ვირჯილ ვან დეიკი დაშავდა მძიმედ და სეზონი გაუცდა. ახლა კი ელიოტიც.

აქ კი დავწერთ სხვა საშინელ ტრავმებზეც,

ედუარდო (არსენალი). 2008 წელს პრემიერლიგაში არსენალი სტუმრად ხვდებოდა ბირმინგემს. ხორვატიის სახელით მოთამშე ბრაზილიელი ედუარდო იმ დროს უმაგრეს ფორმაში იყო. ბირმინგემელთა მცველმა ტეილორმა, როგორც იტყვიან, გაიმეტა… ედუარდომ წელიწადზე მეტი გამოტოვა და ამის ნახევარიც ვეღარ ითამაშა: სისწრაფე დაკარგა, შიშით თამაშობდა. მოგვიანებით, არსენალმა დონეცკის შახტარში გაყიდა.

ჰენრიკ ლარსონი (სელტიკი). უნიკალურ შემთხვევა… 28 წლის ასაკში დაიმტვრა. სელტიკი-ლიონი, უიღბლო დაცემა, ორმაგი მოტეხილობა…შვედს ცხრა თვე გაუცდა, მაგრამ მერე ითამაშა, თუ ითამაშა. ამის მერე გახდა ნამდვილი ლარსონი! ტრავმიდან წელიწადნახევარში ოქროს ბუცი მოიგო. ტიტულებს და გოლებს არ ჩამოვთვლით, ზედმეტია. უბრალოდ შეგახსენებთ, 35 წლის კაცი შეცვლაზე შევიდა ბარსელონა-არსენალის ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ორი საგოლე პასი გააკეთა.

ანდრე გომეში (ევერტონი). ტოტენჰემელის ფორვარდმა სონმა უნებურად დაამტვრია. კორეელმა ლამის იტირა მოედანზე… ტრავმა საშინელი ჩანდა, მაგრამ გომესი მოულოდნელად ადრე, 3 თვეში დაბრუნდა მოედანზე.

პეტრ ჩეხი (ჩელსი). 2006 წელს ჩელსი რედინგს ხვდებოდა. პირველივე წუთებზე რედინგის შემტევი სტივენ ჰანტი მუხლით დაეჯახა და თავის არეში ძვლები ჩაუმტვრია. სამსათიანი ოპერაცია! ჩეხი მას მერე სპეციალური, უკვე ლეგენდარული მუზარადით თამაშობდა.

დევიდ ბასტი (ქოვენთრი). ეს იყო საშინელება, 28 წლის ფეხბურთელი მანჩესტერ იუნაიტედთან გოლის გატანას ცდილობდა, როცა ბრაიან მაკლეირსა და დენის ირვინს შეეჯახა. მატჩი 20 წუთით შეწყდა და გადაწყვიტეს, რომ ეპიზოდი ტელეტრანსლაციით აღარ ეჩვენებინათ – საშიში სანახავი იყო. ექიმების ერთი ჯგუფი იმ საღამოს ბასტის ფეხის ამპუტაციას მოითხოვდა  (მუხლს ქვემოთ), მაგრამ საბედნიეროდ, სხვაგვარად გადაწყდა: ჯამში 26 ოპერაცია დასჭირდა! და ფეხი შეინარჩუნა.

ქართველებსაც დიდი დარტყმა მიაყენა ტრავმებმა… დავით ყიფიანი 1981 წელს მადრიდის რეალთან შეხვედრის პირველივე წუთებზე დაამტვრია ანხელმა. ყიფო მოგვიანებით დაბრუნდა, მაგრამ უკვე ვეღარ იყო ის ყიფო.

გახსოვთ მალხაზ ასათიანის ტრავმა? ხორვატი ივიცა ოლიჩი ეუხეშა და სამწუხაროდ, ნახევარ წელიწადზე მეტი გაუცდა ქართველს. ეს ცსკა-ლოკომოტივის მატჩში.

აკაკი დევაძე… 2005 წელს, საქართველო-თურქეთი 2:5. დევაძე პირველ ტაიმში კარიდან გამოსვლისას ალეკო ამისულაშვილსა და ილდირაი ბაშთურქს შეეჯახა. ნიკაპი და ყვრიმალები დაემსხვრა, სასწრაფოდ საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც რამდენიმე დღე იწვა.

კიდევ ბევრია, თუმცა ყველას ვერ ჩამოვთვლით.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *