საწყენიც, ღირსეულიც… 120 წუთს სხვა გამოცდილება სჭირდება

ბათუმის დინამომ თურქეთში ბოლო წუთამდე იბრძოლა. ბოლო, 120-ე წუთამდე… თუმცა კონფერენს ლიგას მაინც ჩამოშორდა. ყველა შემთხვევაში ქება ეკუთვნით ბათუმელებს.

ბათუმის დინამომ კონფერენს ლიგის მესამე ეტაპზე შინ 1:2 წაგების მერე, სტუმრად ძირითად დროში აჯობა თურქულ სივასფორს – 1:0. ბათუმელთა გოლი ისეთს ჰგავდა, ესპანელები რომ ხატავდნენ ხოლმე ათიოდე წლის წინ: ალთუნაშვილმა ცენტრიდან ჭკვიანური პასი გაუკეთა ტეიდს, რომელმაც მეკარის ბაქანთან შეასრიალა ბურთი და იქ დასწრებაზე ფანცულაიამ გაიტანა. ეს მოხდა 79-ე წუთზე…

თუმცა დამატებით დროში, 110-ე წუთზე გაუშვა და ეს გამოდგა გადამწყვეტი… სტანდარტი, არეულობა და დამატებაზე ესპანელი ხორხე ფელისის დარტყმა…

გია გეგუჩაძის გაწვრთნილებს სხვა შანსებიც ჰქონდათ პირველ გოლამდე. საოცარი მომენტი ჰქონდა შეცვლაზე შესულ გიორგი ფანცულაიას, როცა ლამის ნახევარი სივასფორი უსაქმოდ დატოვა.

ზოგადად, უპირატესობა თურქებს ჰქონდათ, მაგრამ მცირე. ისიც არა შინაარსობრივი, არამედ უფრო ტერიორიული. და ეს უფრო ითქმის ფანცულაიას გოლის მერე – სამწუხაროდ, ძირითადი დროის ბოლო ათ წუთში და დამატებით დროშიც ქართულ გუნდს დაღლა დაეტყო.

ამის მერე, როგორც დავწერეთ, ბათუმელებს გაუჭირდათ და სივასფორი გააქტიურდა. დამატებით დროში ბათუმელები უფრო გადარჩნენ, როცა ალავიძემ აიღო რთული ბურთი დაბალ კუთხეში. მერე კი იყო გადამწყვეტი და სამწუხარო გოლი…

ალბათ ესაა გამოცდილება და ინტენსივობა: თურქეთის სუპერლიგის გუნდი რომ 120 წუთს უფრო სტაბილურად ჩაატარებდა, სიურპრიზი არ იყო… ძლიერი ჩემპიონატი, გალათასარაისთან და ფენერბახჩესთან შეხვედრები. რა თქმა უნდა, ეს იმოქმედებდა.

სივასფორი – დინამო ბათუმი 1:1

გოლი; ფანცულაია 79, ხორხე ფელისი 110

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *