სევილიას ახალწვეული გვარად კორონაა, თუმცა ტეკატიტოს ეძახიან…

 

14 იანვარს, სევილიამ, 29 წლის მექსიკელი, ხესუს მანუელ კორონა პორტუდან შეიძინა. მას თამაში მარჯვენა ფლანგის ყველა პოზიციაზე შეუძლია. ზაფხულში, ანდალუსიელებს მისი ყიდვა 12 მილიონ ევროდ სურდათ, თუმცა პორტუგალიურმა გრანდმა ის არ გაუშვა. ახლა 3 მილიონად იყიდეს – ფეხბურთელს კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდებოდა.

ხესუსმა 9 ნომრიანი მაისური მიიღო, რომელზეც გვარის ნაცვლად მეტსახელი – ტეკატიტო აწერია. ის ლუდ კორონას არ უკავშირდება, თუმცა ლუდი საქმეშია.

კორონამ კარიერა მონტერეიში დაიწყო. 2012 წელს, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე, ჩელსისთან ნახევარფინალში წააგეს, თუმცა 1/4 ფინალში და მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მექსიკელმა გაიტანა. ის გუნდის მთავარ ტალანტად ითვლებოდა.

პრობლემა შემდეგში მდგომარეობდა, მონტერეის მფლობელი ლუდის კომპანია Cuauhtemoc Moctezuma არის. ლუდი კორონა მათი მთავარი კონკურენტია. ამ დროისთვის, კლუბი მაისურზე Carta Blanca-ს ლუდს რეკლამირებას ახდენდა, რომელსაც  Cuauhtemoc Moctezuma  ასხამს. მფლობელებს არ სურდათ ფეხბურთელს კონკურენტის სახელი სწერებოდა, თუნდაც ეს გვარი ყოფილიყო…

თავდაპირველად, კორონას ზურგზე “ხესუს კ.” ეწერა, ფეხბურთელები კი ეხუმრებოდნენ, რომ გვარის შეცვლა მოუწევდა. მისი მეტსახელი ასე დაიბადა: ტეკატე ერთერთი ლუდია, რომელსაც მონტერეის მფლობელები აწარმოებენ. ამას კნინობითი სუფიქსი -იტო (ჩიჩარიტოს მსგავსად) დაემატა და მივიღეთ – ტეკატიტო.

მექსიკაში ბევრი ხესუსია და მათი მეტსახელებიც ერთმანეთს ძალიან ჰგავს, ამიტომ – ტეკატიტომ ადგილი მალევე დაიმკვიდრა. ტვენტეში და პორტოში მას წარწერა არ შეუცვლია. ახლა უკვე სევილიაშიც.

სევილიაში გადასვლის შემდეგ, მან ორი მატჩის ჩატარება უკვე შეძლო და 1 საგოლე გადაცემის შესრულებაც მოასწრო.

 

Leave a comment

Your email address will not be published.