სერენა უილიამსი “უიმბლდონს” დაემშვიდობა

დიდი სლემის ტურნირების 23-გზის გამარჯვებულმა სერენა უილიამსმა “უიმბლდონის” პირველივე წრეში 5:7 6:1 6:7 წააგო მსოფლიო რეიტინგის 115-ე ჩოგან არმონი ტანთან და ასპარეზობას გამოეთიშა.

null

მატჩი საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა. პირველმა სეტმა “მხიარულ ნოტაზე” ჩაიარა – საწყისი ორი გეიმი ფრანგმა ჩოგბურთელმა მოიგო და ანგარიშში დაწინაურდა 2:0.

სერენა დროულად გამოფხიზლდა – თითქოს ჩაჯდა სათამაშო რიტმში და ზედიზედ 4 გეიმის მოგებით ამჯერად თვითონ გალიდერდა 4:2.

ტანმა მოახერხა და დაიბრუნა კონცენტრაცია, პირველი ჩაწოდება ამჯერადაც “ამუშავდა”, რისი წყალობითაც არმონიმ მომდევნო 6 გეიმიდან 5 “წაიღო” და სეტიც თავის სასარგებლოდ დაასრულა 7:5.

მეორე პარტიაში ბრძოლა თითქმის არ ყოფილა – უილიამსმა ძველი დრო “გაიხსენა” და დომინანტურად ათამაშდა. მსოფლიო რეიტინგის ყოფილმა პირველმა ჩოგანმა საწყისი 5 გეიმი მოიგო და შემდეგ მშვიდად გაათანაბრა სეტებს შორის ანგარიში 1-1 (5:7 6:1).

null

მესამე, გადამწყვეტი პარტია დრამატული გამოდგა – 5:4-ზე სერენა მატჩზე აწვდიდა, 30:15-ს იგებდა და 2 ქულის აღება სჭირდებოდა, რათა მატჩიც მოეგო, თუმცა ფრანგმა უკუბრეიკი მაინც “გაახერხა”. 5:6-ზე ამჯერად ტანს ქონდა მატჩპოინტი, თუმცა უილიამსმა მოიგერია ეს საფრთხე.

მარათონული მატჩის (3:14 სთ) დამამთავრებელ ფაზად საჩემპიონო ტაიბრეიკი იქცა. ამერიკელმა ჩოგბურთელმა ანგარიში 4:0 წაიყვანა და თითქოს არ უნდა გასჭირვებოდა “საჩოგბურთო ლატარეის” სათავისოდ დასრულება, თუმცა ასაკში ბევრად უმცროსმა ტანმა ძალების კონცენტრირება შეძლო და 10-7 იმარჯვა.

სერენამ მატჩის მიმდინარეობისას  5 ეისი მოაწოდა და 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა, 17 ბრეიკპოინტიდან კი მხოლოდ 6-ის რეალიზება შეძლო. ამერიკელმა ჩოგბურთელმა ტრადიციულად – სუპერ აგრესიული ჩგბურთი ითამაშა. მის ანგარიშზე 61 ვინერსი და 54 უნებლიე შეცდომა იყო.

უილიამსმა კარიერაში მე-80 დიდი სლემის ტურნირზე ითამაშა და მხოლოდ მესამედ დამარცხდა პირველ რაუნდში.

სერენამ კარიერაში პირველად, დიდი სლემის ზედიზედ 2 ტურნირზე საწყისი ეტაპის მატჩი დათმო.

არმონი ტანი “უიმბლდონის” მეორე რაუნდში გავიდა, სადაც მისი მეტოქე სარა სორიბეს ტორმო იქნება.

Leave a comment

Your email address will not be published.