ორი ამბავი ხვიჩა კვარაცხელიაზე. ჯერ ის, რომ ცნობილმა არხმა მატჩ-პრემიერმა ხვიჩა რუსული პრემიერლიგის გასული ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. ეს არც ყოფილა გასაკვირი: ხვიჩამ მაგრად ითამაშა რუბინი-ახმატის მატჩში (2:1). ეს უფრო მეორე ტაიმზე ითქმის – კვარამ 7 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა. ეს ძალიან ბევრია.
და ტრანსფერზე. ხვიჩა ბევრ კლუბს სურს და ეს კვირა, დიდი შანსია, გადამწყვეტი გამოდგეს. საიდან წამოვიდა იუვენტუსისა და ტოტენჰემის ვარიანტები? მიზეზი ფაბიო პარატიჩი გახლავთ, რომელიც 11 წელი მუშაობდა იუვეს სპორტულ დირექტორად, წლეულს კი ტოტენჰემის ხელმძღვანელობაში გადავიდა.
პარატიჩი ცნობილი ფიგურაა და დანამდვილებით ვიცით, რომ იუვე მისი მუშაობის პერიოდში აპირებდა რუბინთან მოლაპარაკებებს. ახლა კი პარატიჩი ტოტენჰემშია.
თუმცა სხვა კლუბებიც არიან დაინტერსებულები. მათ შორის, აიაქსი და გლადბახი.
ნიდერლანდური Voetbalzone წერს, რომ აიაქსს ორი ფეხბურთელი სურს: კვარაცხელია და კრისტიან ერიქსენი (რაზეც დღეს უკვე გვეწერა). რაც შეეხება გლადბახს, ინტერესი ადრეც იყო და ახლაცაა, მოლაპარაკებებიც მიმდინარეობდა რუბინთან.