ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში ბევრი საინტერესო შეხვედრა გაიმართა, თუმცა ვარსკვლავების ცვენა ეტიჰადზე იყო – სიტიმ პსჟ მიიღო.
ეს შეხვედრა ჯგუფში პირველ ადგილზე გამსვლელის ვინაობას არკვევდა – სიტი თუ მოიგებდა, ბოლო ტურის წინ, პარიზელებს 4 ქულით გაასწრებდნენ.
ასეც მოხდა.
ბურთის ფლობაში ქალაქელებს დიდი უპირატესობა არ ჰქონდათ, მაგრამ სახიფათო მომენტები, ძირითადად, პსჟ-ს კართან იქმნებოდა. პირველ ნახევარში, ილქაი გიუნდოგანს ისეთი მომენტი ჰქონდა, ზუსტად რომ დაერტყა, გოლი გარდაუვალი იქნებოდა, თუმცა – ძელი. მომენტი პარიზელებსაც შეექმნათ, დასარტყმელ პოზიციაზე მბაპე გავიდა, მაგრამ ბურთი ხარიხას გადააცილა.
სიტი მეტს უტევდა, თუმცა გოლი მბაპემ გაიტანა! მეორე ტაიმი 5 წუთის დაწყებული იყო, როდესაც მცველისგან ასხლეტილი ბურთი ფრანგს მიუვიდა, ისიც სიტუაციაში შესანიშნავად გაერკვა და ედერსონს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა.
ამის შემდეგ მანჩესტერელებმა მოუმატეს და მეტოქის კართან უამრავი მომენტი შექმნეს – აქედან მიზანს ორმა, სტერლინგისა და ჟესუსის დარტყმულებმა მიაღწია.
12 ქულით სიტი პირველია. პსჟ-ს 8 ქულა აქვს, მესამე-მეოთხეზე მყოფ ლაიფციგსა და ბრიუგეს კი – 4.