მანჩესტერ სიტიმ რუბენ დიაშს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. განახლებული ხელშეკრულების თანახმად, პორტუგალიელი ქალაქელთა ღირსებას 2027 წლის ივნისამდე დაიცავს.
დიაში სიტიში შარშან ზაფხულში ბენფიკადან 68 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. იგი თავიდანვე შესანიშნავად მოერგო გუნდს, პირველ სეზონში მან 50 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა, 2 საგოლე გადაცემა გააკეთა და პრემიერლიგა მოიგო. დიაშს ქალაქელებთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეეძლო, თუმცა გვარდიოლას შეგირდები ფინალში ჩელსისთან დამარცხდნენ.
რაც შეეხება სიტის ახალ ამბებს, გუნდმა პრემიერლიგის ამ სეზონში 3 მატჩი ჩაატარა, 2 მოიგო, ერთხელ დამარცხდა და 6 ქულით მე-7 ადგილზეა. დიაშმა სამივე თამაში თავიდან ბოლომდე ითამაშა.