სისხლი და პანიკური შეტევა მსოფლიო ჩემპიონატის 1/2 ფინალამდე 10 წუთით ადრე – ჩაბი ალონსოს ამბავი

ზუსტად 12 წლის წინ, 2010 წლის 7 ივლისს მსოფლიო ჩემპიონატის 1/2 ფინალი გაიმართა, სადაც ესპანეთის ნაკრებმა გერმანიის ეროვნული გუნდი 1:0 დაამარცხა. ეს ერთადერთი გოლი 73-ე წუთზე კარლეს პუიოლმა გაიტანა.

ამ თამაშთან დაკავშირებით ერთი საინტერესო ამბავია, რომელიც ბევრმა არ იცით. თურმე შეხვედრამდე 10 წუთით ადრე, ჩაბი ალონსომ მინით ფეხი გაიჭრა და სისხლი სდიოდა. ამას უმალ პანიკური შეტევა მოჰყვა.

“სისხლის დანახვა ყოველთვის შოკისმომგვრელია, თუმცა ამ შემთხვევაში შოკში ჩემი მუხლის დანახვამ ჩამაგდო. მუხლზე ჭრილობა მქონდა. შემდეგ იყო პანიკური შეტევა. ეს ყველაფერი მსოფლიო ჩემპიონატის 1/2 ფინალამდე 10 წუთით ადრე. 1/2 ფინალში და ფინალში თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა და ეს ძალიან მაწუხებდა.” – გაიხსენა ალონსომ Diario AS-თან საუბრისას.

ამ ამბავზე ესპანეთის ნაკრების მაშინდელმა ექიმმა დოქტორ კოსტამაც ისაუბრა: “როცა ოთახში შევედი, ჩაბი ფერმკრთალი და შეწუხებული დამხვდა, ის თითქმის შოკში იყო. მუხლზე პირსახოცი ჰქონდა მოხვეული, იგი სისხლით იყო გაჟღენთილი. აბაზანა იმდენად იყო სისხლით მოსვრილი, დანაშაულის ადგილი გეგონებოდათ. “ექიმო ღვთის გულისთვის, ყველაფერი გააკეთეთ, რომ 1/2 ფინალში ვითამაშო” – მითხრა ჩაბიმ. ეს სიტყვები არასდროს დამავიწყდება.” -თქვა ექიმმა.

ალონსო გერმანიის ნაკრებთან ძირითად შემადგენლობაში იყო და 93-ე წუთზე შეცვალეს. მან ფინალიც სასტარტოში დაიწყო და მოედანზე 87 წუთი გაატარა.

როგორც უკვე გითხარით, ესპანეთმა 1/2 ფინალი მოიგო. ტურნირის მთავარ მატჩში ფურია როხა ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს შეხვდა და 1:0 დაამარცხა. ალონსო ესპანეთის ნაკრების იმ თაობის წარმომადგენელია, რომელმაც 2008-12 წლებში ორჯერ ევროპის და ერთხელ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ჩაბი ალონსომ ესპანეთის ნაკრებში 114 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა.

Leave a comment

Your email address will not be published.