25 ივლისს, ტოკიოს ოლიმპიადაზე საკალათბურთო ტურნირი აიღებს სტარტს. ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების სამწვრთნელო შტაბი გეგმავდა უძლიერესი შემადგენლობის შეკრებას, თუმცა რამდენიმე კალათბურთელმა ტოკიოში წასვლაზე უარი განაცხადა.
როგორც ცნობილი გახდა, „გოლდენ სტეიტის“ გამთამაშებელი სტეფ კარი და „იუტას“ უკანახაზელი დონოვან მიჩელი არ იასპარეზებენ ოლიმპიადზე.
„ჯაზმენების“ ლიდერს მარჯვენა ფეხის ტრავმა აქვს და აპირებს ზაფხულში დაისვენოს და დაზიანება სრულიად მოირჩინოს.
სტეფ კარი თითქოს თავიდან აპირებდა ოლიმპიადაზე წასვლას, თუმცა ბოლო მომენტში გადაიფიქრა და ისიც გამოაკლდა გრეგ პოპოვიჩის მიერ ჩამოწერილ სანაკრებო შემადგენლობას.
ასევე საეჭვოა კაირი ირვინგის თამაში ეროვნულინაკრების მაისურით, რადგან „ბრუკლინის“ გამთამაშებელმა ნბა-ს პლეიოფის ერთ-ერთ მატჩში დაზიანება მიიღო და ისევ მკურნაობს.
კითხვის ნიშნებია ჯეიმს ჰარდენის ასპარეზობასთან დაკავშირებითაც, თუმცა სავარაუდოდ „ბაბუაწვერა“ მაინც წავა ოლიმპიადაზე.
მოთამაშეები, რომელთაც თანხმობა განაცხადეს და ა.შ.შ-ს ნაკრებში იქნებიან ოლიმპიურ თამაშებზე
კევინ დურანტი
ბემ ადებაიო
ბრედლი ბილი
დევინ ბუკერი
დემიენ ლილარდი
ჯეისონ ტეიტუმი
დრაიმონდ გრინი
ამერიკის შეერთებული შტატების საკალათბურთო ნაკრების მწვრთნელ გრეგ პოპოვიჩის საბოლოო გადაწყვეტილების ფონზე, 12 კალათბურთელი შეირჩევა,შეიკვრება გუნდი, რომელიც გაემგზავრება ტოკიოს ოლიმპიადაზე, მანამდე კი „დრიმ თიმი“ მზადების პროცესში 5 საკონტროლო მატჩს გამართავს: ავსტრალიასთან (2 მატჩი), არგენტინასთან, ესპანეთთან და ნიგერიასთან.