ვინისიუს ჟუნიორი… როგორ შეიცვალა ბრაზილიელი. რას ნიშნავს აღმზრდელობითი მუშაობა, კარლო ანჩელოტიმ აჩვენა. ფეხბურთელი, რომელსაც შარშან ბევრმა ხაზი გადაუსვა, ცანცარაა და სათამაშო დისციპლინა არ უყვარსო, სულ სხვანაირი გახდა. 20 წლის ვინისიუსი და 21 წლის ვინისიუსი – რთული შესადარებელია, ახლა გაცილებით დაღვინებული და კლასიანია.
აქ მარტო სევილიასთან გადამწყვეტ გოლზე არაა საუბარი, რომელიც ძალიან ლამაზად შეასრულა. ვინისიუსი უკვე სტაბილურია, აღარ აგდებს თამაშებს, არ იქნევს ხელებს უაზროდ, არ იჭყანება ყოველ წუთს.
აი, რა თქვა ანჩელოტიმ:
„ის ექსტრაორდინალური ფეხბურთელია. აქვს განსაკუთრებული საფეხბურთო თვისებები როგორც ტექნიკური, ასევე ფიზიკური კუთხით. თუმცა ყველაზე მეტად ლამაზი გოლებით მაკვირვებს. ვინისიუსი ძლიერია დრიბლინგში, ერთი ერთზე თამაშისას. კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა დიდი ფეხბურთელობისკენ და შესაძლოა, მსოფლიოში საუკეთესოც გახდეს. მთავარია, რომ მონდომებულია და იცის, რომ მეტი შეუძლია“ (Marca)
ვინისიუსის როლი ბრაზილიის ნაკრებშიც იზრდება და შესაძლოა, ყატარში მსოფლიო ჩემპიონატზე იფრინოს. მითუმეტეს, ნეიმარს ხშირად ტრავმა აქვს…