29 სექტემბერი უამრავ საფეხბურთო ცნობარში ჩაიწერება, როგორც გამორჩეული თარიღი. ხუმრობა ხომ არ არის, ლეო მესიმ პირველად გაიტანა ბარსელონას გარეშე. თანაც ჩემპიონთა ლიგაში.
პსჟ-სიტი ერთგვარად ჰოლივუდური დაპირისპირება გახლდათ… რაღაც ყველასგან გამორჩეული. ჩვენმა უცხოელმა კოლეგებმა მას მოსწრებულად „მენავთობეთა კლასიკო“ უწოდეს. მოგეხსენებათ, პარიზელებს ყატარელი მფლობელი ნასერ ალ-ჰელაიფი ჰყავთ, მანჩესტერელებს კი საემიროელი შეიხ მანსური, რომლის სრული გვარსახელი: მანსურ ბინ ზაიედ ბინ სულთან ბინ ხალიფა ალ ნაჰაიანია.
მატჩის წინ მთავარი კითხვა ის იყო, ითამაშებდა თუ არა პსჟ-ის ყველა დიდვარსკვლავი. განსაკუთრებით ეს ლიონელ მესის ეხებოდა, რომელსაც თითქოს მცირე ტრავმა აწუხებდა. ტრავმა ცოტა არადამაჯერებლად ჟღერდა, რადგან უცნაურად დაემთხვა წინა მატჩში მის შეცვლასა და უკმაყოფილებას. კარგია თუ იარა მოიშუშა, მაგრამ ძალიან ცუდია თუ მიკროტრავმა შოდაკონფლიქტის დასაფარად კლუბის პრესსამსახურმა გაბერა.
სხვა მხრივ, მესი, ნეიმარი და მბაპე სასტარტოში, ეს ჯოჯოხეთია არა მარტო მეტოქე მცველებისთვის, არამედ საკუთარი ნახევარდაცვისთვისაც.
გამოჯანმრთელდა ვერატიც. გარდა ამისა, პოჩეტინომ თავიდანვე ათამაშა გეიე და ერერა, რითაც ცენტრში მაქსიმალური მობილურობისკენ მიუნიშნა.
მაგრამ, მთავარი, ცხადია, მესის ფაქტორი იყო. როგორ გაირჯებოდა გენიალური არგენტინელი, რომელიც ჯერ კიდევ ეჩვევა გუნდს. მოახერხებდა თუ არა თავის გამოჩენა?
და გაიტანა, ულამაზესი გოლი გაიტანა, დაახლოებით 25 მეტრი ირბინა ბურთიანად, საჯარიმოსთან მბაპესთან გაითამაშა და დიდებულად მოჭრა. პარკ დე პრენსი რამდენიმე წუთს მის გვარს აგუგუნებდა – ლეო მათი გახდა.
მესის ოთხი მატჩი დასჭირდა პირველი გოლის გასატანად, ბარსელონადან წამოსვლის შემდეგ.
„სიტი დიდებული მოწინააღმდეგეა. პირველ ტურში ბრიუგესთან ფრის შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვან იყო გამარჯვება. მიხარია, რომ გავიტანე. ეს ჩემი მეორე მატჩი გახლდათ ამ სტადიონზე. ვეჩვევი გუნდს. თავდამსხმელები რაც მეტს ვითამაშებთ ერთად, უკეთესი იქნება. ერთად უნდა გავიზარდოთ ამ ვითარებაში, ერთად დავიხვეწოთ და ბოლომდე დავიხარჯოთ. – უთხრა შემდეგ ლეომ ჟურნალისტებს.
ჩანს, რაღაც-რაღაცეებიც შეიცვალა არგენტინელისთვის. მაგალითად, ამ მატჩში ის უფრო უკან დაწეული იყო და გამთამაშებლის ფუნქციას ასრულებდა. არ ცდილობდა მეტოქის მოტყუებას და ბურთის მიღებისთანავე პასს აძლევდა პარტნიორს. ბოლოსკენ ხომ საერთოდ უჩვეულო სანახაობა ვიხილეთ, როცა მეტოქის საჯარიმო დარტყმის დროს, თავისი ფეხბურთელების ფეხებთან დაწვა, რათა დაბალი ტრაქტორიით გაგზავნილი ბურთი მათ შორის არ გამძვრალიყო. წარმოიდგენდით ასეთს ბარსელონაში?
პოჩეტიმომ თავისი თანამემამულის გოლი განსაკუთრებული ემოციით აღნიშნა, შემდეგ კი გახარებულმა დასძინა: საერთოდ, გოლებს არ აღვნიშნავ. მაგრამ ახლა ტრადიცია დავარღვიე. 20 წელიწადს ის ჩემი მოწინააღმდეგე იყო და ვუცქერდი, როგორ გაჰქონდა გოლები მეტოქეთა კარში. ახლა მან ჩემი გუნდის მაისურით გაიტანა, როგორ არ გავიხაროო…
გვარდიოლამ კი ეს თქვა: წარმოუდგენელია მესი 90 წუთის განმავლობაში აკონტროლო. ამჯერად ის ჩვეულად ხშირად არ იყო ბურთთან. ეს გასაგებიცაა, ახალ პარტნიორებს და სიტუაციას ეჩვევა. კარგად ვიცით, თუ მას სირბილი შეუძლია და ბურთი მოიხელთა, მისი შეჩერება შეუძლებელია.