საბერძნეთთან და კოსოვოსთან მატჩები მოახლოვდა. ვილი სანიოლის სიას თითქოს ოპტიმალური ეთქმოდა, მაგრამ ერთი საკვანძო ფეხბურთელი გამოაკლდა: ოთარ კიტეიშვილის ტრავმა დარტყმაა. შტურმის ნახევარმცველმა პსვ-სთან მატჩში (1:4) კოჭის მყესი გაიწყვიტა და შაბათს ოპერაციას გაუკეთებენ. კიტეიშვილი წლეულს ვეღარ ითამაშებს.
საინტერესოა, როგორ სისტემას აირჩევს სანიოლი. გარისკავს და სამი მკვეთრად შემტევი ნახევარმცველითა და ერთი გამოკვეთილი ფორვარდით ათამაშებს? დაახლოებით ასე: საყრდენების, კანკავა-აბურჯანიას (ან კვეკვესკირის) წინ გამთამაშებლად ჩაკვეტაძე, ფლანგებზე მარჯვნივ-მარცხნივ წიტაიშვილი-კვარაცხელია და წინ მიქაუტაძე.
კიტეიშვილსა და ჩაკვეტაძეს შორის სხვაობაა, წინ გიორგი უფრო ეფექტურია, მაგრამ ნახევარდაცვაში ოთარივით პროდუქტიული ვერ არის. მართალია, გენტის მწვრთნელმა ვანჰაზებრუკმა შეაქო, ანდერლეხტთან ბევრი იმუშავაო. მაგრამ დაამატა, ჩაკვეტაძე წინ უკეთესია და შავი სამუშაოსგან რაც უფრო თავისუფალი იქნება, მით უფრო სახიფათოაო. ეს ფუფუნებაა? სანიოლი გადაწყვეტს.
ამბიცია ექნება დავითაშვილსაც, რომელმაც ბულგარეთს ბოლო შეხვედრაში გაუტანა. მართალია, შედეგზე ვერ იმოქმედა, მაგრამ გოლი გოლია.
აქ ერთი მომენტია. სიაში გამოკვეთილი თავდამსხმელი მხოლოდ მიქაუტაძე იყო და დღეს დაამატეს ქვილითაია. ისინი სხვადასხვა სტილის არიან. წინ, ცრუ 9 ნომერზე უთამაშია ოქრიაშვილსაც. და მარჯვნივაც წიტაიშვილის გარდა სხვა ვარიანტებიცაა: მაგალითად, ლობჟანიძე.
საბა უფრო კარგია კონტრშეტევაზე აგებული თამაშისას. სწრაფია, კარგად იხსნება.
ცუდია, რომ საბერძნეთთან დაცვის ლიდერი გურამ კაშია არ იქნება და სანიოლი, ლაშა დვალს, ან ლუკა ლოჩოშვილს დააყენებს.
გასათვალისწინებელია ბერძნების თავისებურებებიც. ნიდერლანდელი ვან სხიპის გაწვრთნილი საბერძნეთი ადრინდელივით მკვეთრად ჩაკეტილი გუნდი არაა. განსაკუთრებით ძლიერია ფლანგებიდან: მარჯვნიდან ოლიმპიაკოსის ანდროუცისი და მარცხნიდან ლივერპულის ციმიკასი მაგრად უტევენ, მთელ ფლანგზე თამაშობენ.
ღირსების საკითხიცაა. საბერძნეთთან 8 მატჩიდან არცერთი მოგება, მხოლოდ 2 ფრე და 6 წაგება… თან უმრავლესობა თამაშებისა ძალიან დასანანი მარცხი თამაშიდან გამომდინარე. და გავიხსენოთ საბერნეთი-საქართველო წლეულს, როცა 1:1 დასრულდა და მეტწილად ჩვენების უპირატესობით მიმდინარეობდა, განსაკუთრებით კი ბოლო 15 წუთი.
ბევრი იტყვის, სექტემბრის მერე რა სავარაუდო მოგებაზე წერთო, მაგრამ ტირილი საქმეს არ შველის. აქ მეტწილად ტაქტიკური ვარიანტები მიმოვიხილეთ. ჩვენ კი ველოდებით ჩაკვეტაძე-კვარაცხელიას ერთად: იდეალურ ფორმაში არც ერთია და არც მეორე, მაგრამ მაინც.