უაღრესად საინტერესოდ მიმდინარეობს საპლეიოფო დაპირისპირება “ბოსტონსა” და “მილუოკის” შორის. სერიის მეექვსე შეხვედრაში “ბაქსმა” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “სელტიქსს” და მიუხედავად იანის ანტეტენკუმპოს 44 ქულისა, მეტოქესთან მაინც სოლიდური სხვაობით დამარცხდა 95:108.
NBA-ს მოქმედ ჩემპიონთა შეტევითი ტაქტიკა მხოლოდ იანის ანტეტენკუმპოზე იყო აგებული, რომელმაც მორიგი სოლიდური მატჩი ჩაატარა (44 ქულა+20 მოხსნა+6 პასი), თუმცა მხოლოდ ბერძენის კარგი თამაში არ გამოდგა საკმარისი ზემოტივირებული “ბოსტონის” დასამარცხებლად.
“სელტიქსის” რიგებიდან გაიბრწყინა ჯეისონ ტეიტუმმა, რომელმაც 46 ქულა, 9 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. სოლიდურად გამოიყურებოდნენ ჯეილენ ბრაუნი (22 ქულა) და მარკუს სმარტი (21 ქულა). ლიდერთა ტრიომ ჯამში ყველა მეოთხედი მოუგო მასპინძელ გუნდს და დამსახურებული გამარჯვებაც იზეიმა (28:26 25:17 29:27 26:25).
შეხვედრაში ინტრიგა ერთადერთხელ “გაცოცხლდა” – ანტეტენკუმპოს მონდომებით “მილუოკიმ” 14 ქულიანი ჩამორჩენა 4 ქულამდე დაიყვანა, ძირითადი დროის დასრულებამდე კი 9 წუთი რჩებოდა. სწორედ აქ “ამოიფრქვა” ტეიტუმი, რომელმაც საკუთარი გუნდის 26 ქულიდან 16 ჩააგდო და მარტომ “დამარხა” “ბაქსის” იმედები.
საპლეიოფო სერიაში ანგარიში 3:3 გახდა. გადამწყვეტი მე-7 შეხვედრა ბოსტონის ლეგენდარულ საკალათბურთო TD GARDEN-ში გაიმართება – SHOW MUST GO ON!!!