ტიაგო სილვა: ფეხბურთის თამაშს 40 წლამდე ვაპირებ

22 სექტემბერს ტიაგო სილვა 38 წლის გახდა. მის იუბილესთან დაკავშირებით, ლონდონური კლუბის ოფიციალურმა საიტმა ბრაზილიელთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც გამოცდილმა მცველმა არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

“ჩემთვის ბევრს ნიშნავს, რომ ამ ასაკში ამ დონეზე ვთამაშობ, თუმცა ეს მარტივი არ არის, განსაკუთრებით პრემიერლიგაში. როცა ვარჯიშს ვამთავრებ, სახლში მივდივარ და მეორე დღისთვის მომზადებაზე ვფიქრობ. პრემიერლიგაში პირველიდან ბოლო წუთამდე მაღალი ინტენსივობაა. ფეხბურთელი 38 წლის ასაკშიც შეიძლება გუნდს ეხმარებოდე. 

ფეხბურთელები ახლა უფრო პროფესიონალები არიან და სპორტსმენებს უფრო ჰგვანან. ფსიქიკური ასპექტი ძალიან მნიშვნელოვანია. იბრაჰიმოვიჩს ბევრს ვესაუბრები, რადგან მალე ჩემპიონთა ლიგაში მილანს შევხვდებით. ჩემი მიზანია ფეხბურთი 40 წლამდე ვითამაშო, მაგრამ ჯერ არ ვიცი ამ დონეზე კიდევ რამდენ ხანს ვიასპარეზებ. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ვნახოთ რა მოხდება მსოფლიო ჩემპიონატზე.” – ციტირებს ბრაზილიელის სიტყვებს ჩელსის ოფიციალური საიტი.

ტიაგო სილვა ჩელსის ფეხბურთელი 2020 წლის ზაფხულში გახდა, მას შემდეგ რაც პსჟ-სთან კონტრაქტი ამოეწურა. სამხრეთ ამერიკელმა ლონდონელებთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო. სილვამ ამ სეზონში ჩელსის მაისურით 7 მატჩი ჩაატარა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *