ტომას ტუხელი: ლუკაკუმ საკუთარ თავზე ბევრი უნდა იმუშავოს

ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა რომელუ ლუკაკუზე ისაუბრა. გერმანელმა განაცხადა, რომ ბელგიელმა საკუთარ თავზე უნდა იმუშავოს და საჭიროა სწორი ბალანსი იპოვნონ.

“ლუკაკუ ჩელსისთვის საკვანძო მოთამაშეა და მის მიმართ ზეწოლა ნორმალურია. ვერავინ შეძლებს მასზე იმაზე მეტ ზეწოლას, ვიდრე თავად ლუკაკუ. ზეწოლის და დიდი მოლოდინის ფონზე უნდა ვიპოვოთ სწორი ბალანსი, რომლითაც ფეხბურთელი პროგრესის გზას დაადგება. 

საქმე მხოლოდ მოტივაციაში და მოთხოვნილებებში არ არის. ლუკაკუს მოედანზე სიმშვიდის განცდა უნდა ჰქონდეს და ყველაფერი დალაგდება. მან აუცილებლად ბევრი უნდა იმუშავოს და სიტუაცია გამოსწორდება. 

გუნდის თამაში ლუკაკუს უნდა მოერგოს? ეს არასწორი შეკითხვაა. ის საკვანძო ფეხბურთელია და გვინდა ასეც დარჩეს, თუმცა ფეხბურთი გუნდური სპორტია, აქ 10 ფეხბურთელი ერთზე არ თამაშობს.”-ციტირებს ტუხელის სიტყვებს ჩელსის ოფიციალური საიტი.

რომელუ  ლუკაკუ ჩელსიში შარშან ზაფხულში ინტერიდან გადავიდა. ბელგიელმა ფორვარდმა ამ სეზონში 22 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა. რაც შეეხება ჩელსის, გუნდი პრემიერლიგაში 43 ქულით მე-3 ადგილზეა და დღეს ბრაიტონს შეხვდება. ლონდონელები ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ლილს შეხვდებიან.

Leave a comment

Your email address will not be published.