შვედეთის დედაქალაქ სტოქჰოლმში დასრულდა ATP-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირი. ფინალურ მატჩში ამერიკელმა ტომი პოლმა 6:4 2:6 6:4 სძლია კანადელ დენის შაპოვალოვს და კარიერაში პირველი ტიტული მოიგო.
ტომი შეხვედრის სტარტზევე ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა ვიდრე მისი მეტოქე. ამერიკელი პირველივე გეიმში მივიდა ბრეიკპოინტებამდე, თუმცა მათი რეალიზება ვერ შეძლო, კანადელს კი მიღებაზე არაფერი გამოსდიოდა.
მე-5 გეიმში პოლმა მშრალი ანგარიშით მოიგო მეტოქის ჩაწოდება და ბრეიკით დაწინაურდა. “იანკიმ” წარმატებით შეინარჩუნა მოპოვებული ჰანდიკაპი და სეტი ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანა 6:4.
მეორე პარტია უკვე კანადელი ჩოგბურთელის დომინაციით გაიხსნა – დენისმა ზედიზედ სამი გეიმის მოგება შეშეძლო და სოლიდური სხვაობით დაწინაურდა 3:0. მე-8 გეიმში მსოფლიო რეიტინგის მე-18 ჩოგანმა კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის ჩაწოდება და სეტებს შორის ანგარიში გაათანაბრა 1:1 (4:6 6:2).
მესამე, გადამწყვეტი სეტის სასტარტო გეიმებმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა. მე-5 გეიმში ამერიკელმა ვერ გამოიყენა 2 ბრეიკპოინტი, ხოლო მერვე გეიმში უკვე “შაპო’-ს ქონდა ფარული მატჩპოინტები, თუმცა ტომიმ კარგი ჩაწოდების ხარჯზე გადაარჩინა გეიმი.
4:4-ზე კანადელ ჩოგბურთელს დიდი “ჩავარდნა” დაეწყო – დენისმა მომდევნო 2 გეიმი მშრალი ანგარიშით წააგო და მასთან ერთად მატჩიც.
24 წლის ამერიკელმა ჩოგბურთელმა სტოკჰოლმის ტიტულის მოგებით 250 სარეიტინგო ქულა და 98,030 ევროც დაიმსახურა. მსოფლიო რეიტინგში პოლი 9 საფეხურით წაიწევს წინ და ორშაბათიდან მსოფლიოს 43-ე ჩოგანი გახდება.