ტრანსფერები: დორტმუნდიდან ბაიერნში და პირიქით…

 

ბაიერნის ცენტრალური მცველი, ნიკლას ზულე მიუნხენელთა პრინციპული მეტოქის რიგებში – დორტმუნდის ბორუსიაში – ითამაშებს. გერმანელი ფეხბურთელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და კლუბსაც შეიცვლის.

ბაიერნიდან დორტმუნდში ტრანსფერები იშვიათად წარმოგვიდგენია, პირიქით კი ჩვეულებრივი ამბავია.

ბაიერნს ხშირად ლანძღავენ, რომ ბუნდესლიგაში მეტოქეებს ასუსტებს – უპირველეს ყოვლისა, დორტმუნდს – და დომინაციას ასე ინარჩუნებს. მართლა ასეა?

ისტორიაში, ბაიერნმა ბორუსიადან 5 ფეხბურთელი წაიყვანა, თავისუფალი აგენტი კი აქედან მხოლოდ ლევანდოვსკი იყო

მატს ჰუმელსი – 35 მილიონი ევრო (2016 წელი).

ამ დროს მატსი გერმანიაში საუკეთესო მცველად ითვლებოდა. ნაკრებში ის ჟერომ ბოატენგთან ერთად თამაშობდა და ბაიერნმა გადაწყვიტა ეს წყვილი რეკორდმაისტერშიც ერთად ყოფილიყო, თანაც ჰუმელსი მიუნხენელია.

რობერტ ლევანდოვსკი – თავისუფალი აგენტი (2014)
ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც დორტმუნდიდან ბაიერნში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. შესაძლოა, მიუნხენში ის მისი თაობის საუკეთესო ფორვარდადაც ჩამოყალიბდა…

მარიო გიოტცე – 37 მილიონი ევრო (2013)

დორტმუნდთან ლონდონში მოგებული ლიგის ფინალის შემდეგ, ბაიერნმა გიოტცე იყიდა. მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, თუმცა გერმანიის ოქროს ბიჭუნას საქმე ისე ვერ წარიმართა, როგორც მისი გულშემატკივრები ისურვებდნენ. ასაკში ახლაც არაა, 29 წლისაა, პსვ-ში თამაშობს, თუმცა ჩანს, რომ ძველი მარიოსგან მხოლოდ აჩრდილია დარჩენილი…

ტორსტენ ფრინგსი – 9.25 მილიონი (1992)

დორტმუნდიდან ბაიერნში – კიდევ ერთი ცუდი ტრანსფერი. ფრინგსმა რეკორდმაისტერში მხოლოდ 1 სეზონი გაატარა, რომელიც მის კარიერაში ყველაზე უარესი იყო. 4 წლიანი კონტრაქტის მიუხედავად, ის 1 სეზონის მერე ვერდერში წავიდა.

ტომას ჰელმერი – 3.75 მილიონი (1992)

ჰელმერმა ბაიერნში 7 წელი გაატარა და იმდენივე შეხვედრაში ითამაშა, რამდენიც დორტმუნდში. რა თქმა უნდა, ამ ტრანსფერს ლევანდოვსკისას ვერ შევადარებთ, თუმცა ტომასმა თავი კარგად წარმოაჩინა. 1996 წელს, უეფას თასი მოიგო.

ახლა კი პირიქით, ბაიერნიდან – დორტმუნდში…

ნიკლას ზულე – 2022 (თავისუფალი აგენტი)

იშვიათია, გერმანიის ნაკრების ძირითადის ცენტრალური მცველი, კარიერის პიკში, ბაიერნში კი არ წავიდა, არამედ ბაიერნიდან დორტმუნდში… 5 წლის წინ, მიუნხენელებმა მასში ჰოფენჰაიმს 20 მილიონი ევრო გადაუხადეს…

მატს ჰუმელსი – 30.5 მილიონი ევრო (2019)

ჰუმელსი დორტმუნდში მესამედ მივიდა: 2008 წელს, ის იჯარით გაუშვეს, 2009-ში კი 4 მილიონად უკან გამოისყიდეს. 2019 წელს კი 30 მილიონად იყიდეს… მოგეხსენებათ, ბაიერნის აღზრდილია და დორტმუნდში შემდეგ მოხვდა.

მარიო გიოტცე – 22 მილიონი (2016)

ჰუმელსის სიტუაციასთან შედარებით, გიოტცესი უარესი გამოდგა. შედარებისთვის, მატსი ბაიერნში ძირითადის ფეხბურთელი იყო, ამიტომ მისი ბორუსიაში დაბრუნება მოულოდნელი ჩანდა. მარიომ მიუნხენში ვერ გაამართლა და ძველებურად არც დორტმუნდში დაბრუნების შემდეგ ათამაშდა.

სებასტიან როდე – 12 მილიონი (2016)

კლუბებს შორის კიდევ ერთი წარუმატებელი ტრანსფერი. მან ბორუსიაში მხოლოდ 6 თვე ითამაშა, მაგრამ 2019-ში წავიდა. რატომ? ტრავმები…

კრისტიან ნერლინგერი – თავისუფალი აგენტი (1998)

ნერლინგერმა ბაიერნში 6 წელი გაატარა, მოედანზეც ხშირად ჩნდებოდა და ტიტულებიც მოაგროვა. ბორუსიაში მეტს თამაშობდა, თუმცა ნაკლებს იგებდა…

იურგენ ვეგმანი – თანხა უცნობია (1989)

უნიკალური თავდამსხმელია, რადგან ბაიერნიდან დორტმუნდში გადავიდა, შემდეგ შალკეში ითამაშა და უკან ისევ დაბრუნდა… ბუნდესლიგაში 68 გოლი გაიტანა (უმეტესი ბორუსიაში), თუმცა ჩემპიონი ბაიერნში გახდა.

მიქაელ რუმენიგე – თანხა უცნობია (1988)

ბაიერნში მეტსაც იტანდა და მეტი ტიტულიც მოიგო, მაგრამ ბორუსიაში მთავარი კაცი იყო, ჰიტცფელდის დროს ის გუნდს კაპიტნობდა.

Leave a comment

Your email address will not be published.