NBA-ს მიმდინარე სეზონის სტარტზე ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურება „მილუოკი ბაქსი“. მოქმედი ჩემპიონები ვერ ახერხებენ სტაბილრად თამაშების მოგებას და 14 გამართული მატჩის შემდეგ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზე იმყოფებიან 6 მოგებით და 8 მარცხით.
მაიკ ბუდენჰოლცერის გაწვრთნილი გუნდი ამჯერად ჯორჯიის შტატს ესტუმრა და ადგილობრივ „ატლანტას“ დაუპირისპირდა. არანაკლები პრობლემები აქვს „ჰოუქსს“ – გუნდი 6 მატჩიანი წაგებათა სერიით ხვდებოდა ჩემპიონებთან დაპირისპირებას, ამას დაემატა დეანდრე ჰანტერის დაკარგვა, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა და დაახლოებით 2 თვე იუქმებს.
„ატლანტამ“ პირველივე წუთებიდან გამოკვეთა საკუთარი უპირატესობა – შეტევაში გაიბრწყინა ტრე იანგმა, რომელმაც მოქმედ ჩემპიონებს 42 ქულა ჩაუგდო, ვარსკვლავური სტატუსის გამთამაშებლის ანგარიშზე ასევე გახლდათ 10 პასი და 8 მოხსნა.
დაცვაში „ჰოუქსი“ იდეალურად მოქმედებდა – ხშირ შემთხვევაში ორმაგი მეურვება წესდებოდა ფინალების MVP – იანის ანტეტენკუმპოზეც, ანდაც ცდილობდნენ ბერძენისთვის შეტევაში ჯარიმა მიეღებინებინათ, რაც მასპინძლებს საკმაოდ კარგად გამოუვიდათ. „მილუოკის“ ლიდერმა მალევე აკრიფა პერსონალურები და სათადარიგოთა სკამზე გადაჯდა, მის გარეშე კი „ბაქსს“ აღარაფერი გამოუვიდა – „ატლანტა“ პირველი ტაიმის მიმდინარეობისას 18 ქულიანი სხვაობით იგებდა, თუმცა საბოლოოდ მატჩი 20 ქულიანი ჰანდიკაპით მოიგო 120:100.
სამწუხაროდ „მილუოკის“ განაცხადში ისევ ვერ მოხვდა ქართველი მძიმე ფორვარდი – სანდრო მამუკელაშვილი, როემლიც ამ მომენტისთვის G ლიგის გუნდთან ერთად იმყოფება.