უეინ რუნი: მთელ დროს სმაში ვატარებდი, სახლიდან არ გავდიოდი

ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა უეინ რუნიმ საფეხბურთო კარიერის საწყისი ეტაპი გაიხსენა, როცა ბევრი პრობლემა ჰქონდა და დიდ ფეხბურთში ადაპტაცია უჭირდა.

“ახალგაზრდული ფეხბურთიდან დიდების ფეხბურთში გადასასვლელად სრულიად მოუმზადებელი ვიყავი. 16 წლის ასაკში პრემიერლიგაში და ინგლისის ნაკრებში ვთამაშობდი, ეს მარტივი არ ყოფილა. 

როცა აკადემიაში ვთამაშობდი, არასდროს ვფიქრობდი ფეხბურთელის ცხოვრების მეორე მხარეზე, იმაზე თუ რა სირთულეები მელოდა. ბევრ სირთულეს წავაწყდი, რომელიც ვერ დავძლიე. 

დიდი დრო დამჭირდა იმ აზრთან შესაგუებლად თუ ესეთ პატარა ასაკში რამდენს მივაღწიე და სად ვიყავი. უნდა გამეგო თუ როგორ უნდა გაგრძელებულიყო ჩემი ცხოვრება და კარიერა. 

ახალგაზრდობაში ბევრი შეცდომა დავუშვი, განსაკუთრებით ეს მანჩესტერში გატარებულ პირველ წლებში. სანამ პირველი შვილი კაი არ გვეყოლებოდა, ხშირად ვსვამდი და რეჟიმს ვარღვევდი. 

იყო შემთხვევები როცა მანჩესტერში რამდენიმე დღე დასვენება გვქონდა, მთელი დასვენების განმავლობაში სახლში ვიყავი და ვსვამდი. ამით ვცდილობდი ყველა ცუდი აზრი ამომეგდო თავიდან. 

ხალხს ალბათ სმენია თუ რამდენს ვსვამდი, მაგრამ ვერც კი წარმოიდგენთ რამდენად ფარული მხარე იყო ეს ჩემთვის. ეს არის ის რაც გამუდმებით ჩემს თავში იყო. 

ზეწოლა იმის გამო რომ მანჩესტერ იუნაიტედში და ინგლისის ნაკრებში უნდა მეთამაშა, პრესის გავლენა ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ. ეს ყველაფერი დღითი დღე რთულდებოდა.

მე პატარა მამულში გავიზარდე და ამიტომ მსგავს პრობლემებს ჩემნაირი ადამიანი მარტივად ვერ დააღწევდა თავს. დღეს ადვილია ამ ყველაფრის გამკლავება, მაშინ ჩემთვის გასახდელში თანაგუნდელთან მისვლა და რჩევის კითხვა წარმოუდგენელი იყო”-ციტირებს რუნის სიტყვებს Goal.com

უეინ რუნიმ საფეხბურთო კარიერა ევერტონში დაიწყო, 18 წლის ასაკში იგი მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდა და 253 გოლით გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ბევრ სხვა ტიტულთან ერთად რუნიმ მანჩესტერში ჩემპიონთა ლიგა და პრემიერლიგა (5) მოიგო. მანჩესტერის შემდეგ იყო ამერიკული D.C. იუნაიტედი და დერბი ქაუნთი. რუნი ამჟამად დერბი ქაუნთის მთავარი მწვრთნელია, გუნდი დღესდღეობით ჩემპიონშიფშია და 15 ქულით 23-ე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ფინანსური პრობლემების გამო დერბის 21 ქულა დააკლეს.

რაც შეეხება რუნის სანაკრებო კარიერას, ინგლისის ეროვნულ გუნდში მან 120 მატჩი ჩაატარა და 53 გოლი გაიტანა, რითიც ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია.

Leave a comment

Your email address will not be published.