2 დღეში კონტინენტის ყველაზე დიდი საფეხბურთო გათამაშება დაიწყება. 11 ქვეყანაში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, გათამაშების ოფიციალურ დაწყებამდე უეფამ კომპიუტერული თამაშების მწარმოებელ Epic Games-თან ოფიციალური თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა და გათამაშება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ თამაშ ფორთნაითში გადაინაცვლებს.
„ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტია, აღნიშნული თამაში ახალგაზრდებში ძალიან პოპულარულია, ჩვენ კი ტურნირის დაწყების წინ მშვენიერი პლატფორმა და ახალი გამოწვევა მივიღეთ, ფორთნაითის მოთამაშეებს წინ საინტერესო თავგადასავლები ელოდებათ“, – აცხადებს უეფას მარკეტინგის დირექტორი, გაი ლორენ ეფშტაინი.
თამაშების მწარმოებელი კომპანიის განცხადებით, ფეხბურთი სპორტის ერთ-ერთი პოპულარული სახეობაა, უეფას დონის ორგანიზაციასთან თანამშრომლობა კი სასიამოვნო და ამავე დროს, დიდძალი პასუხისმგებლობაა. მოთამაშეები აღნიშნულ მარათონში ხვალიდან ჩაებმებიან, თუ თქვენ კონსოლის აქტიური მომხმარებელი ხართ და ფორთნაითსაც თამაშობთ, შანსი გაქვთ, ტურნირში მონაწილეობა მიიღოთ და საპრიზო ფონდიდან თანხაც გამოიმუშაოთ.
ევროპის ჩემპიონატი 11 ივნისს, იტალიის დედაქალქ რომში, ადგილობრივი ეროვნული ნაკრებისა და თურქეთის დაპირისპირებით გაიხსნება.