დასასრულს უახლოვდება უიმბლდონის ტურნირი. მე-10 სათამაშო დღე ქალთა ერთეულთა თანრიგის ნახევარფინალებს დაეთმო, სადაც ფინალისტები გამოვლინდნენ.
პირველ ნახევარფინალში ერთმანეთს მსოფლიო რეიტინგის პირველი ჩოგანი ეშლი ბარტი და “უიმბლდონის“ 2018 წლის გამარჯვებული ანგელიკ კერბერი უპირისპირდებოდნენ.
შეხვედრის სტარტი ეშლის უკეთესი გამოუვიდა, ადრეული ბრეიკიც შეასრულა და 3:0 დაწინაურდა. გერმანელი ჩოგბურთელი მოგვიანებით გამოფხიზლდა, რამდენიმე ლამაზი გათამაშებაც მოიგო, თუმცა სეტის გადარჩენა ვეღარ შეძლო 3:6.
მეორე პარტიის საწყის გეიმებში უკვე კერბერი დომინირებდა, რომელმაც იოლად აიღო მეტოქის ჩაწოდება და 4:1 დაწინაურდა.
იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ანგელიკი სეტებს შორის ანგარიშს გაათანაბრებდა, თუმცა 3:5-ზე ბარტიმ ზედიზედ 2 გეიმი მოიგო მშრალი ანგარიშით და წონასწორობა აღადგინა.
ტაიბრეიკზე ფსიქოლოგიური და სათამაშო უპირატესობა უკვე ავსტრალიელ ჩოგბურთელს გააჩნდა, რომელმაც 6 ქულის მოგებით 6 მატჩპოინტი მიიღო. აგონიაში ჩავარდნილმა ანგელიკმა 3 მოიგო, თუმცა მეტი ვეღარაფერი შეძლო და შეხვედრა 2 სეტში დათმო 3:6 6:7 (3:7).
ეშლი ბარტი კარიერაში პირველად გავიდა „უიმბლდონის“ ფინალში.
1980 წლის შემდეგ იგი პირველი ავსტრალიელი ქალი ჩოგბურთელია, რომელმაც შეძლო „უიმბლდონის“ ფინალში გასვლა. 41 წლის წინ ეს ივან გულაგონგმა შეძლო.
მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს კაროლინა პლიშკოვა და არინა საბალენკა უპირისპირდებოდნენ.
შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა, თუმცა არინამ ნელ-ნელა გამოკვეთა საკუთარი უპირატესობა. მე-5 და მე-7 გეიმებში ბელორუსმა 4 ბრეიკპოინტი მიიღო, თუმცა ვერცერთის რეალიზება ვერ შეძლო.
თავისმხრივ ჩეხმა ჩგბურთელმა უკვე მე-11 გეიმში გაანაიავა 4 ფარული სეტპოინტი, რისთვისაც მწარედ დაისაჯა – მომდევნო გეიმში საბალენკამ პირველივე ბრეიკპოინტი ბრეიკად აქცია და სეტიც აიღო 7:5.
მეორე სეტში ორივე ჩოგბურთელი დამაჯერებლად იგებდა გეიმებს საკთარ ჩაწოდებაზე, გამონაკლისი მე-5 გეიმი გამოდგა, რომელშიც ჩეხმა მშრალი ანგარიშთ „აიღო“ მეტოქის ჩაწოდება და მოპოვებული ჰანდიკაპით უპრობლემოდ მიიყვანა სეტი გამარჯვებამდე 6:4.
მესამე, გადამწყვეტ პარტიაში კაროლინამ პირველსავე გეიმში დააბრეიკა საბალენკა, ფსიქოლოგიურად გატეხა მოწინააღდეგე და მშვიდად მოიპოვა საბოლოო გამარჯვება 5:7 6:4 6:4.
Sweet Karolina.@KaPliskova comes from a set down to reach the #Wimbledon final for the first time after beating Aryna Sabalenka 5-7, 6-4, 6-4 pic.twitter.com/xCPFfAXL7V
— Wimbledon (@Wimbledon) July 8, 2021