უკრაინის მთავარი გუნდი უკრაინელმა უნდა გაწვრთნას, – ასეთია უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრების პრინციპული პოზიცია.
მაგალითად, ამას წინათ უკრაინელებს დაუკავშირდნენ იურგენ კლინსმანისა და ჯანი დე ბიაზის წარმომადგენლები. 57 წლის კლინსმანი ბოლოს ბერლინის ჰერტას წვრთნიდა, საიდანაც 2020 წლის თებერვალში გაუშვეს, 65 წლის დე ბიაზი კი იმავე 2020 წლიდან აზერბაიჯანის ნაკრებს ხელმძღვანელობს. უკრაინელებმა, მოლაპარაკება რა მოსატანია და ორივე უპასუხოდ დატოვეს, ოდენ შეუთვალეს, ჩვენი მწვრთნელი მხოლოდ უკრაინელი უნდა იყოს, თქვენ კი მადლობა ინტერესისთვისო…
ამასობაში კი მათი ეროვნული გუნდი კვლავაც თავკაცის გარეშეა. ფედერაციის აღმასკომის ბოლო სხდომამ შედეგი ვერ გამოიღო – ყველასთვის მისაღებ კანდიდატ სერგეი რებროვს არაბული „ალ-აინი“ არ უშვებს.
უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია მზად არის დაეხმაროს რებროვს კლუბისთვის კომპენსაციის გადახდაში, თუ თანხა მილიონ დოლარზე მეტი არ იქნება, თუმც ჯერ ამ მხრივ პასუხი არ სჩანს.