უკრაინელი დმიტრო ივანისენია გემახსოვრებათ: რამდენიმე წლის წინ თბილისის დინამოში თამაშობდა. მერე ისე მოუმატა, რომ ანდრეი შევჩენკომ ნაკრებშიც კი გამოიძახა. ივანისენია ნახევარმცველია, ახლა რუსულ კრილიაში თამაშობს.
მან meta ratings-თან ინტერვიუში ქართულ ფეხბურთზეც ისაუბრა.
-ამბობდით, რომ ქართველ ფეხბურთელებს წინსვლაში სიზარმაცე და ადგილობრივი სამზარეულო უშლით ხელს. კერძოდ რაში გამოიხატება?
– მენტალიტეტია ასეთი. საქართველო მზიანი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხია. ჩვენთან არცერთ გუნდში ახალწვეულს არ პატიჟებენ, საქართველოში კი პირიქით. თუმცა ახალგაზრდა ტალანტები 17-18 წლის ასაკში აღწევენ პროგრესს, თბილისის დინამოში იწყებენ თამაშს და მერე ჩერდებიან. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა, მომავლის არასწორად დაგეგმვა და არაპროფესიონალიზმია.
– ხვიჩა კვარაცხელიას წინაარმდეგაც მოგიწიათ თამაში. მაშინვე ეტყობოდა, რომ სუპერტალანტი იყო?
– იმ თამაშის მიხედვით ვერ იტყოდი, მაგრამ ეტყობოდა, რომ კარგი მონაცემები ჰქონდა და შეეძლო, მომავალში ძლიერი ფეხბურთელი დამდგარიყო.
– დინამო-კოლხეთის მატჩის (6:3) მერე მეტოქის 5 ფეხბურთელს თამაშის ჩაწყობის გამო დისკვალიფიკაცია მისცეს. თქვენ რატომ არ ითამაშეთ კოლხეთის წინააღმდეგ არცერთი მატჩი?
– სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს. ეს 4 წლის წინ იყო. თუ გამოვტოვე, ესე იგი, გაფრთხილებების გამო. მახსოვს, ტელევიზიით აჩვენეს, რომ ერთ-ერთი სხვა მატჩის ჩაბნელებულ გასახდელში შევიდნენ ძალოვანები, თან ნიღბები ეკეთათ და იქიდან გამოიყვანეს გარიგებული შეხვედრების ორგანიზატორები. დინამოში ასეთი რამ ვერ მოხდებოდა და არც მახსოვს, რომ იოლი თამაში როდესმე გვქონოდა.