უკრაინის საფეხბურთო ლიგამ სახელის უფლებების აუქციონი გამოაცხადა, გამარჯვებული კი – აზარტული თამAშების კომპანია გახდა, შესაბამისად, ამიერიდან, ლიგის სახელი შეიცვლება და – VBET League იქნება. აღნიშნულ ცვლილებამდე ლიგა უკრაინის პრემიერლიგად იწოდებოდა. კონკურსში, დაახლოებით, 30 კომპანია მონაწილეობდა, თუმცა ყველაზე დიდი თანხა ამ ბიზნესგარიგების სანაცვლოდ, სწორედ ზემოთ ხსენებულმა კომპანიამ გადაიხადა. ჯერჯერობით, კონკრეტული რიცხვი არ დასახელებულა, თუმცა 15 მილიონს ვარაუდობენ.
„ძალიან გვიხარია აღნიშნული სიახლე, ჩვენ უკრაინულ ბაზარზე პოზიციონირებას ახლა ვიწყებთ და ვფიქრობ, სწორ ინვესტიციას ვაკეთებთ. ჩემპიონატი ყურებადი და აქტუალურია. გვინდა, უკრაინული ფეხბურთის წინსვლასა და განვითარებში ჩვენი წვლილიც შევიტანოთ“, – ამბობს კომპანიის დირექტორი, ევგენი დუკუ.
ჩემპიონატის სახელის უფლებების გარდა, აღნიშნული სახელწოდების უფლებები სუპერთასის გათამაშებაზეც გავრცელდება და შესაბამისად, 24 ივლისს გასათამაშებელი თასის სახელწოდება, ამიერიდან, vbet super cup იქნება.
„ახალ ეტაპზე გადავდივართ, ძლიერი და სანდო პარტნიორი ამაში ძალიან დაგვეხმარება, წინ ბევრი გამოწვევები გვაქვს. გვჯერა, რომ ახალ პარტნიორთან ერთად ლიგას უფრო მაღალ სიმაღლეებზე ავიყვანთ. გულშემატკივარს ბევრი საინტერესო და კარგი სიახლე ელოდება“, – აცხადებს ლიგის მარკეტინგის მენეჯერი, ანტონ სვიტლიჩნი.
უკრაინის საფეხბურთო ლიგის მოქმედი გამარჯვებული კიევის „დინამოა“, დედაქალაქელებმა დონეცკის „შახტარის“ მრავალწლიანი ჰეგემონია დაამხეს და სეზონის ბოლოს საჩემპიონო ოქროს მედლების გარდა, თასის გათამაშებაც მოიგეს.