უმნიშვნელოვანესი გამარჯვება ნიდერლანდებთან

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, სტუმრად 88:80 დაამარცხა ნიდერლანდების ნაკრები.

ილიას ზუროსის გაწვრთნილ გუნდს ერთი ნაბიჯი დარჩა ისტორიულ შედეგამდე – გავიდეს მსოფლიოს ჩემპიონატზე.

null

საქართველოს ნაკრების სასტარტო ხუთეული ასეთი იყო: გიორგი ცინცაძე, თად მაკფადენი, დუდა სანაძე, თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი.

საწყისმა წუთებმა მასპინძელთა უპირატესობით ჩაიარა და ისინი 13:6 დაწინაურდნენ. ილიას ზუროსის წუთშესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრები გამოფხიზლდა – თორნიკე შენგელიას აგრესიული თამაშის ფონზე წონასწორობა აღდგა 13:13.

კრააგის ზუსტი სროლების ფონზე ნიდერლანდების ნაკრებმა პირველი მეოთხედი 19:17 მოიგო.

null

მეორე პერიოდში მასპინძლები აგრძელებდნენ შორი დისტანციებიდან ჩვენი კალათის დაბომბვას, საქართველოს ნაკრები კი პერიმეტრიდან კატასტროფულად ესროდა (13-დან 1 სამქულიანი ჩავაგდეთ).

შენგელია+შერმადინის დუეტის ძალისმიერი თამაშის ფონზე 3 წამიან ზონაში მოვიპოვეთ უპირატესობა და 4 ქულიანი ჰანდიკაპიც გვქონდა, თუმცა ტაიმის ბოლოსკენ პერიმეტრის დაცვა არაერთხელ “ჩაგვივარდა” და დიდ შესვენებაზე 7 ქულიანი ჩამორჩენით გავედით 35:42.

მეორე ტაიმის სტარტზე თად მაკფადენმა ზედიზედ 2 სამქულიანი ჩააგდო და მეტოქის უპირატესობა მინიმუმამდე ჩამოადნო. კარგი იყო შეცვლაზე შემოსული მიშა ბერიშვილი, რომელმაც ურთულესი მდგომარეობებიდან რამდენიმე ზუსტი სროლა განახორციელა.

null

ზუროსმა პირველ ტაიმში საერთოდ არ ათამაშა ბექა ბურჯანაძე, თუმცა მესამე მეოთხედის ბოლოსკენ შემოუშვა პარკეტზე და ამ სვლამ გაამართლა – ბექამ ზედიზედ 4 ქულა აიღო, რასაც დაცვაში ჭკვიანური ასპარეზობაც მოყვა მისი მხრიდან (მეტოქეს შეტევაში ფოლი აკიდა).

მესამე პერიოდი საქართველოს ნაკრებმა 31:20 მოიგო და უკანასკნელ 10 წუთეულს 4 ქულიანი ჰანდიკაპით შეხვდა 66:62.

უკანასკნელ, მეოთხე მეოთხედში საქართველო ჯერ 6 ქულას იგებდა, შემდეგ საერთოდ ანგარიშში ჩამორჩა მეტოქეს. ზუროსს მორიგი ტაიმაუტის აღება მოუწია.

null

პარკეტზე დაბრუნებული სტუმრები გაცილებით უფრო აგრესიულად ათმაშდნენ – ყველა გადამწყვეტ მომენტში თორნიკე შენგელიამ იყოჩაღა და უმნიშვნელოვანესი ქულები მოუტანა ჩვენს გუნდს.

იდეალურად გამოიყურებოდა გიორგი შერმადინი – “შერმამ” 9-დან 9 ორქულიანი ჩააგდო და შავი სამუშაოც ბევრი გასწია.

წინა ხაზელთა იდეალური ასპარეზობის ფონზე საქართველომ ლიდერობა დაიბრუნა.

მასპინძლებმა ძალიან მოინდომეს და 4 ქულამდე შეამცირეს ჩამორჩენა, თუმცა თად მაკფადენმა “მკვლელი სამქულიანი” ჩააგდო და შეხვედრაში ინტრიგაც დაასამარა – 88:80 საქართველოს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება.

null

ნიდერლანდები – საქართველო – 80:88 (19:17, 23:18, 20:31, 18:22)

ნიდერლანდები: კრააგი (23 + 9 მოხსნა), კ.დე ვრისი (20 + 8 პასი) ბ.ვან დე ვურსტი (10), ბიეშაარი (6), ჰარმსი (6), ვან ბრი (6), სტოლკი (3), ბრანდვაიკი (2), კუტა (2), ვერვერსი (2).

საქართველო: ცინცაძე (3), მაკფადენი (20), სანაძე (5), შენგელია (25+6 მოხსნა+3 პასი), შერმადინი (22+6 მოხსნა), ანდრონიკაშვილი (2), ბექაური, ბერიშვილი (7), ბოქოლიშვილი, ჯინჭარაძე, ბურჯანაძე (4).

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის L ჯგუფში, თავიანთი შეხვედრები წააგეს ჩვენმა უშუალო კონკურენტებმა – უკრაინამ სტუმრად დათმო თავისი შეხვედრა იტალიასთან 75:85, ხოლო ისლანდია საკუთარ მოედანზე დამარცხდა მოქმედ ევროპის ჩემპიონ ესპანეთთან 61:80.

9 ტურის შემდეგ ჯგუფს სათავეში ესპანეთის ნაკრები უდგას 8 მოგებით და 1 მარცხით. მეორე პოზიციაზე იტალია იმყოფება 7/2. მესამე ადგილს საქართველოს ნაკრები იკავებს ბალანსით 5/4. მეოთხე პოზიციაზე ისლანდიაა 4/5, მეხუთეზე უკრაინა 3/6, ხოლო ნიდერლანდების ნაკრები ცხრილის ფსკერზეა დალექილი 0/9.

null

ესპანეთის და იტალიის ნაკრებებმა ნაადრევად მოიპოვეს მსოფლიო ჩემპიონატის საგზური. მესამე, მსოფლიოს ჩემპიონატზე გამსვლელი ადგილისთვის კი საქართველო და ისლანდია აგრძელებენ ბრძოლას.

26 თებერვალს, თბილისში საქართველოს ნაკრები უმასპინძლებს ისლანდიას და თუ შეხვედრას 3 ქულაზე მეტი სხვაობით არ წავაგებთ, ასეთ შემთხვევაში მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოვიპოვებთ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *