უმცროსი ბორჯღალოსნები მზადებას განაგრძობენ

უმცროსი ბორჯღალოსნები 20-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც სავარაუდოდ სამხრეთ აფრიკაში გაიმართება. შეჯიბრებაში კვლავ 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ესენია: არგენტინა, ავსტრალია, ინგლისი, ფიჯი, საფრანგეთი, საქართველო, ირლანდია, იტალია, იაპონია, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა და უელსი.
ჯერჯერობით უცნობია რა ვადებში ჩატარდება ტურნირი. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა უკვე გამართეს სამი საწვრთნელი შეკრება – ნოემბრის დასაწყისში, დეკემბრის მიწურულს და ნაახალწლევს. ლადო კილასონიამ ქართულ კლუბებში მოთამაშე 50 კანდიდატი ქუთაისში 10 იანვარს შეკრიბა, 18-ში კი, დიდი 10-ის ბინადარ ქუთაისის აიასთან საკონტროლო თამაში გამართა.
ლადო კილასონია, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი:
“ამჯერად ხანმოკლე შეკრება მოვაწყვეთ. თუ აქამდე მხოლოდ ორმხრივ თამაშებში გვქონდა ნამუშევარის შეფასების შესაძლებლობა, ამჯერად დიდი 10-ის გუნდთან გვქონდა საკონტროლო თამაში. ჩვენთვის საინტერესო იყო გვენახა, ასეთი წყვეტების ფონზე როგორ შევკრავდით გუნდს. როდესაც ამდენი მოთამაშე გყავს, რა თქმა უნდა რთულია თამაშის დალაგება და ეს ყველას კარგად გვესმის, თუმცა გარკვეული ეპიზოდებით კმაყოფილი ვარ.
ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თებერვლის შეკრება. წელს ძალიან ბევრი, ოცამდე ლეგიონერი გვყავს, რომლებსაც თებერვალში შესვენება აქვთ და ვეცდებით ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენოთ”.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *