უმცროსი ბორჯღალოსნები ტიტულის დასაცავად მზად არიან

2 ოქტომბერს თბილისსა და რუსთავში 18-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი დაიწყება. უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა ის 26 მორაგბე შეარჩია, რომლებიც ევროპის ჩემპიონის ტიტულის დასაცავად იბრძოლებენ. გუნდში14 მორკინალი და 12 უკანა ხაზის მოთამაშეა.

აგვისტოში, პარიზში გამართული შეკრების შემდეგ, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა სამშობლოში ორი ხუთდღიანი შეკრება გაიარეს და ლელოს ესპუართა გუნდთან საკონტროლო თამაში გამართეს, რის შემდეგაც სატურნირო რაზმი შეირჩა. მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ამონაშვილის თქმით, შემადგენლობა ოპტიმალურია:

“საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ, 35-კაციანი გაფართოებული შემადგენლობით კიდევ ორი 5-დღიანი შეკრება გვქონდა და საკონტროლო თამაში გავმართეთ ლელოს ესპუარებთან. ეს თამაში მწვრთნელებს სელექციაში დაგვეხმარა. გარდა ამისა, დავინახეთ თუ როგორ გადაგვაქვს მოედანზე ის, რაზეც ვარჯიშებზე ვმუშაობთ. ნანახით კმაყოფილი დავრჩი. ახლა კი, მიმდინარეობს ტექნიკური და ტაქტიკური დეტალების დამუშავება და მოუთმენლად ველით ევროპის ჩემპიონატის დაწყებას.

საბედნიეროდ, ტრავმა არავის აწუხებს და მწვრთნელებმა ოპტიმალური რაზმი შევარჩიეთ. გარდა ამისა, ის ბიჭები, რომლებმაც ჩვენთან ერთად გაიარეს სრული მოსამზადებელი ეტაპი, რეზერვში არიან და საჭიროების შემთხვევაში სრულ მზადყოფნაში იქნებიან ტრავმირებული მოთამაშის ჩასანაცვლებლად”.

18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოში პირველად გაიმართება თამაშები თბილისში, რაგბი პლატოზე და რუსთავის ხარები არენაზე ჩატარდება.

საქართველოს ნაკრები  ტიტულის დაცვას მეოთხედფინალში ჩეხეთთან მატჩით იწყებს. შეხვედრა 2 ოქტომბერს, ხარები არენაზე 16:15 საათზე დაიწყება. ამავე დღეს, რუსთავში, ესპანეთი რუმინეთს 12:45 საათზე ეთამაშება, ხოლო რაგბი პლატოზე პორტუგალია გერმანიას (11:00) და ბელგია ნიდერლანდებს (14:30) შეხვდება.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები
შერკინება:
გიორგი მჭედლიშვილი (აკადემია), ლუკა კოტორაშვილი (ხვამლი), შოთა ხელაძე (აია), მიხეილ ხახუბია (ლელო), გიგა თუთისანი (აია), დავით მჭედლიძე (ტულონი), თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), კახა შეყილაძე (ხვამლი), ჯაბა ოდიშარია (ლელო), გიორგი გერგედავა (აია), ნიკა ლომიძე (ხარები), ნიკა აბესაძე (ლელო), ანდრო დვალი (ლელო), თამაზ ჭამიაშვილი (ხარები);
უკანა ხაზი: ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), ლადო ტყაბლაძე (აია), გელა ხელაძე (ლელო), ლუკა ჭინჭარაული (ლელო), გიორგი ხაინდრავა (ლელო), ლუკა კობაური (აკადემია), ლუკა კეშელავა (არმია), ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), ტატო ბურთიკაშვილი (ვეფხვები), ლუკა ხორბალაძე (ლელო), ზურა ნინიძე (ბათუმი), ლუკა ცირეკიძე (ლელო).

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *