უნიკალური… ფოცხვერიას ისტორია ვერდერით, შახტიორით, ქართული პასპორტით

მიხეილ ფოცხვერია – დღეს 47 წლის გახდა. კარგა ხანია, თბილისში ცხოვრობს, დიდუბეში…

უნიკალური შემთხვევა: თავის დროზე უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი, ფლანგელი შემტევი, საქართველოს ნაკრებში ჩამოვიდა სათამაშოდ. მის ადგილზე ამას ბევრი არ გააკეთებდა. რატომ? ფოცხვერიას დედა რუსი გახლდათ, დედ-მამამ ციმბირში გაიცნეს ერთმანეთი, საქართველოში ძალიან მცირე ხანი იყვნენ და ლუგანსკში დასახლდნენ. მიხეილ ფოცხვერიაც იქ გაიზარდა, იქ ჩამოყალიბდა ფეხბურთელად.

1996 წელს ზაპოროჟიეს მეტალურგიდან ბრემენის ვერდერში მოხვდა, რაც საოცრება ჩანდა, თუმცა იქ დუბლებში ათამაშეს. გერმანიიდან დაბრუნებულმა კი დონეცკის შახტიორში გააგრძელა კარიერა. ახლანდელი შახტარივით ვერ იყო ის გუნდი, მაგრამ მაინც მაგარ გუნდად ითვლებოდა.

4 მატჩი ნაკრებში და რამდენიმე 21-წლამდელებში, ყველაზე დასამახსოვრებელი კი რუსთავში, როცა საქართველომ იტალიას 2:0 მოუგო. ბუფონი, პირლო და ვინ აღარ თამაშობდა მაშინდელ იტალიის ახალგაზრდულში… ფოცხვერიამ იქ მშვენივრად ითამაშა და ფრანჩესკო კოკოც შემოელახა: პროვოკაცია ვერ აიტანა.

ისე, ხშირად ჰქონდა ტრავმა, ამან ხელი შეუშალა კარიერაში.

მიხეილ ფოცხვერიას შვილი, ივან ფოცხვერია 20 წლისაა და ბოლნისის სიონში თამაშობს. საყრდენი ნახევარმცველია.

როგორ მოხვდა თავის დროზე ვერდერში, აი, რა მოჰყვა თავის დროზე უკრაინულ პრესასთან ფოცხვერიამ:

„ზაპოროჟიეს მეტალურგს გერმანულ შეკრებაზე წავყევი, იქ ვერდერის ფარმ-კლუბს ვეთამაშეთ. მატჩის მერე ვიღაცეები მოვიდნენ და ვერდერში გადასვლა შემომთავაზეს. მეგონა მეხუმრებოდნენ. ვუთხარი, ეს ჩემი ოცნებაა-მეთქი. ასე მოვხვდი ვერდერში, ოღონდ დუბლებში. მაშინ დუბლებს თომას შააფი წვრთნიდა, შემდეგში ცნობილი მწვრთნელი გახდა. შემდეგ კი ვერდერმა ზაპოროჟიელთა ხელმძღვანელობასთან რაღარც ვერ მოილაპარაკა და უკან დავბრუნდი უკრაინაში“.

და საქართველოს ნაკრებში როგორ მოხვდა? ფოცხვერიას მაშინდელი კომენტარი:

„ლუგანსკში გავიზარდე და აქაურები მეუბნებოდნენ: „რანაირი ქართველი ხარ, ენაც არ იცი…“. ვიცოდი, რომ უკრაინის ნაკრებში მეტი პერსპექტივა იყო, მაგრამ საქართველოში მყავს ნათესავები, იქაა ჩემი ფესვები. არჩევანი გავაკეთე და არ ვნანობ. ახალგაზრდულ ნაკრებში მშვენიერი შესარჩევი გვქონდა, იტალიას გავუსწარით ჯგუფში და მხოლოდ ინგლისს ჩამოვრჩით. საქართველოს მთავარ ნაკრებში კი სირთულეები დაიწყო, მწვრთნელების ცვლა, დაულაგებლობა, ინტრიგები“.

Leave a comment

Your email address will not be published.