UFC-ს მებრძოლების მიერ სუპერვარსკვლავი მოკრივეების გამოწვევა ახალი ნამდვილად არ არის. ვინაიდან კრივში გაცილებით მეტია ანაზღაურება, UFC-ს ტოპ მებრძოლები, მათ შორის ჩემპიონებიც, ხშირად ცდილობენ გაიმეორონ ის, რაც 2017 წელს კონორმა გააკეთა – დაუპირისპირდა ფლოიდს და 100 მილიონზე მეტი დოლარი გამოიმუშავა.
ამჯერად ქვესაშუალო წონის ჩემპიონმა, კამარუ უსმანმა კრივის მთავარი ვარსკლავი, კანელო ალვარეზი გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ წონები, რომლებშიც ისინი ასპარეზობენ, საკმაოდ ახლოსაა ერთმანეთთან – კამარუ 77 კგ-ში, ხოლო კანელო 76 კგ-ში.
“მინდა რაიმე ისეთი გავაკეთო, რაც მაშინებს” – თქვა კამარუმ კოლბი კოვინგტონის დამარცხების შემდეგ ინტერვიუში – “ვინ იტყვის უარს ამის ნახვაზე? UFC-ს საუკეთესო, კრივის საუკეთესოს წინააღმდეგ”.
კოლბისთან გამარჯვების შემდეგ, რომელიც რიგით მე-5 ქამრის დაცვა იყო უსმანისთვის, ნიგერიელმა მხოლოდ 1.5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. შედარებისთვის, კანელოს ბოლო მოწინააღმდეგემ, კალებ პლანტმა, მექსიკელთან მარცხისთვის 10 მილიონ დოლარამდე მიიღო. ამ რიცხვების შედარებით, უსმანის მოტივიც იკვეთება.
თუმცა რას ფიქრობს კანელო? – კანელო თავიდანვე სკეპტიკურად იყო განწყობილი მსგავსი დაპირისპირებებით, როცა სხვა დისციპლინის მებრძოლები ცდილობდნენ დიდ მოკრივეებს დაპირისპირებოდნენ. როცა კანელოს ჰკითხეს, თუ რას ფიქრობდა უსმანის გამოწვევაზე, მან მოკლედ უპასუხა: “PAYDAY” (ხელფასის დღე) – კანელო ხვდება, რომ მასთან დაპირისპირება მხოლოდ დიდი ანაზღაურების მისაღებად სჭირდებათ და ამაში არანაირი სპორტული ინტერესი არ არის.