სხვა თუ არაფერი, აფიშა უკვე საინტერესო იყო – ბაიერნმა ბარსელონა მიიღო, თუმცა ამ შეხვედრას სხვა დატვირთვაც ჰქონდა – ბარსელონასთვის სასწორზე პლეი ოფ-ის საგზური იდო. ბენფიკამ კიევის დინამო მიიღო და თუ გაიმარჯვებდა, ჯგუფიდან გასასვლელად, კატალონიელებს მიუნხენში უნდა მოეგოთ. თავის მხრივ, ბაიერნს პრობლემები ჰქონდა, ტრავმის გამო კიმიხი და გორეცკა დააკლდა, სტადიონზე მაყურებლებიც არ ჰყავდათ, მოტივაციაც არ ჰქონდათ, მაგრამ…
მიუხედავად ამისა, რეკორდმაისტერმა სამართლიანი თამაშის ყველა წესი დაიცვა, ტრავმების გათვალისწინებით, ოპტიმალური შემადგენლობა ათამაშა და ბარსელონას უშანსოდ მოუგო. სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ ბლაუგრანამ კარში ორჯერ დაარტყა, თუმცა ნოიერის კარს რეალური ხიფათი არ დამუქრებია.
რაც შეეხება გოლებს, პირველ ტაიმში – მიულერმა და სანემ გაიტანეს, მეორეში კი მუსიალამ.
რობერტ ლევანდოვსკის წინა 5 ტურის ყველა შეხვედრაში გატანილი ჰქონდა, რეკორდზე მიდიოდა, თუმცა ნაგელსმანმა მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ ბაიერნისთვის პრიორიტეტი გუნდია – პოლონელი მოედნიდან 77-ე წუთზე გაიყვანა.
რაც შეეხება ბენფიკას, ლისაბონელებმა პირველივე ტაიმში 2 გოლი გაიტანეს და იქ ყველაფერი ასე დამთავრდა. გოლები იერემჩუკისა და ჟილბერტოს ანგარიშზეა…
პლეი ოფში ბაიერნი და ბენფიკა ითამაშებენ.
ასევე, ოთხშაბათი დღის თამაშებში, საგზური სხვა გუნდებმაც მოიპოვეს (ან მოპოვებული ჰქონდათ): ლილიმ, ზალცბურგმა,მანჩესტერმა (ვილიარეალისა და ატალანტას შეხვედრა მოგვიანებით გაიმართება), იუვენტუსმა და ჩელსიმ…