უაღრესად საინტერესოდ მიმდინარეობს „უიმბლდონის“ ტურნირის ქალთა ერთუელთა ბადე, სადაც მეოთხედფინალურ ეტაპზე ოთხივე ფავორიტმა იოლი გამარჯვება იზეიმა და 1/2 ფინალის საგზური მოიპოვა.
დიდი სლემის ტურნირების სამგზის გამარჯვებულმა ანგელიკ კერბერმა 6:2 6:3 სძლია კაროლინა მუხოვას და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
ბად-ჰომბურგის ტურნირიდად მოყოლებული, გერმანელ ჩოგბურთელს ზედიზედ 10 მატჩი აქვს უკვე მოგებული.
მუხოვას დამარცხების ფონზე, კერბერი მერვედ გავიდა დიდი სლემის ტურნირების ნახევარფინალში, ბოლოს მან ეს 2018 წლის უიმბლდონზე შეძლო, შემდეგ კი მან ტურნირი ტრიუმფითაც დაასრულა.
ანგელიკის მეტოქე უიმბლდონის 1/2 ფინალში მსოფლიო რეიტინგის პირველი ჩოგანი – ეშლი ბარტი იქნება, რომელმაც თავისმხრივ მეოთხედფინალში ძალიან მარტივად სძლია აილა ტომლიანოვიჩს 6:1 6:3.
ავსტრალიელი ჩოგბურთელი კარიერაში მესამედ გავიდა დიდი სლემის ტურნირების ტოპ ოთხეულში (მანამდე 2020 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე და 2019 წლის როლან გაროსზე).
2021 წლამდე ეშლის საუკეთესო შედეგი „უიმბლდონზე“ 1/8 ფინალი გახლდათ.
კერბერის და ბარტის ურთიერთშეხვედრათა ისტორიაში ანგარიში 2:2-ია.
ბადის ქვედა ნახევარში, ბელორუსმა არინა საბალენკამ 6:4 6:3 დაამარცხა ტუნისელი ონს ჟაბერი და 1/2 ფინალის საგზური მოიპოვა.
ბელორუსმა ჩოგბურთელმა მე-15 მცდელობით შეძლო დიდი სლემის ტურნირზე ნახევარფინალში გასვლა ,სადაც მისი მეტოქე კაროლინა პლიშკოვა იქნება, რომელმაც თავისმხრივ 6:2 6:2 სძლია ვიქტორია გოლუბიჩს.
ჩეხმა ჩოგბურთელმა პირველად შეძლო უიმბლდონის 1/2 ფინალში გასვლა, ახლა კაროლინას უკვე ყველა დიდი სლემის ტურნირზე ექნება ნათამაშები მინიმუმ ნახევარფინალურ სტადიაზე, რაც მის უნივერსალიზმზე მიუთითებს.
საბალენკა პლიშკოვას ურთიერთშეხვედრებში 2:0-ს უგებს (ბალახზე 1:0).