სერბული “ცრვენა ზვეზდა” აგრძელებს შემადგენლობის გაძლიერებას. სეზონის სტარტზე გუნდმა ჯერ არგენტინელი ლუკა ვილდოზა დაიმატა, დღეს კი მისი თანამემამულე ფაკუნდო კამპაცო.
Eurohoops-ის ინფორმაციით “ფაკუ”-მ სერბულ კლუბთან კონტრაქტი 2023/24 წლების სეზონის ბოლომდე გააფორმა. არგენტინელი წლევანდელ სეზონში ხელფასის სახით 1,8 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ხოლო მომდევნოში 2,5-ს.
შეგახსენებთ, რომ კამპაცომ 2022/23 წლების სეზონი NBA-ს კლუბ “დალასში” დაიწყო, თუმცა ტექსასურ გუნდში მას სათამაშო დრო ფაქტიურად არ ეძლეოდა. მოგვიანებით “მავერიქსმა” არგენტინელი გამთამაშებელი შემადგენლობიდან გარიცხა, მის ნაცვლად კი კემბა ვოკერი დაიმატა.
NBA-ს გარეშე დარჩენილი არგენტინელი კალათბურთელი “მადრიდის რეალის” საკუთრება გახლდათ, თუმცა ესპანურმა გუნდმა ვერ დააკმაყოფილა კამპაცოს სახელფასო მოთხოვნილება და მას “ცრვენა ზვეზდაში” გადასვლის უფლება მისცა.
ამ მომენტისთვის, სერბულ კლუბს სასამართლო დავა აქვს გადასახადების გადაუხდელობის გამო. სწორედ ამ მიზეზით “ცრვენა ზვეზდა” ჯერჯერობით ვერ ახერხებს კამპაცოს დარეგისტრირებას ევროლიგის ტურნირის განაცხადში.
როგორც კი ეს პრობლემა მოგვარდება, ფაკუნდოს ევროლიგაზე ისევ ვიხილავთ, მანამდე კი არგენტინელს მხოლოდ ადრიატიკის ლიგაზე მოუწევს თამაში.