ფანცულაია — მზიანი დღეების გახსენება

როგორ ამბობენ, რაღაც მოვლენის ან ეპოქის გარიჟრაჟზეო, არა? ჰოდა, მეც ასე დავწერ: დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის გარიჟრაჟზე ძალიან მესიმპათიურებოდა რუსთავის გორდა. მიხაროდა, როდესაც რედაქციიდან მის თამაშებზე მაგზავნიდნენ. მიყვარდა ამ გუნდის ფეხბურთის ნახვა და მასზე წერა.

მამუკა ფანცულაია გარდაიცვალა - ერთადერთი ქართველი, რომელიც ევროპის  ჩემპიონატზე საუკეთესოდ აღიარეს [ინტერვიუ] | Lelo.Ge

მაგარი ბიჭები ჰყავდა გორდას: კილასონიები, კაპანაძეები, კუდინოვი, მიქაშავიძე, ფანცულაია, ფირცხალავა და სხვები. მწვრთნელს აღარ იკითხავთ? მწვრთნელი იყო  გივი ნოდია. ის გივი ნოდია, ძველი დინამოს ბომბარდირი; საოცრად მონდომებული კაცი და რაც ყველაფერზე მთავარია, უბრალოდ კარგი ადამიანი. რუსთავის გუნდს გორდა მან დაარქვა. ნათლია იყო. სულს და გულს დებდა საქმეში.

ტრიბუნაზე ხალხი იკრიბებოდა. მე ფეხბურთელების ასაკის ვიყავი. მიხაროდა ლამაზად მოთამაშე გუნდი რომ გვყავდა. იმედი მქონდა, რომ ამ გუნდს კარგი მომავალი ექნებოდა.

სხვათა შორის, ახლა დავაკვირდი, გორდას რომ ვიხსენებ თვალწინ მზიანი დარი მიდგას. მზიანი დარი რუსთავის სტადიონზე. რა იცის ეს ადამიანის გონებამ, გეგონება იმ წლებში ცუდი ამინდი არ იყო? იყო, როგორ არა, მაგრამ მიხდა ისე, რომ გორდა ჩემთვის კარგ ამინდს ნიშნავს.

მახსოვს, თათბირზე ვთქვი, რუსთავში ასეთი ბიჭები თამაშობენ და ბარემ, თამაშზე რომ ჩავალ, რომელიმე მათგანის პატარა ინტერვიუსაც წამოვიყოლებ, მეთქი. მამუკა ფანცულაიასთან გადავწყვიტე დალაპარაკება.

ვეტერანი დინამოელი მამუკა ფანცულაია გარდაიცვალა - ქართველი, რომელიც ევროპის  ჩემპიონატზე საუკეთესოდ აღიარეს - 1TV

ფანცულაია მაგარი თავდამსხმელი იყო. ბავშვობაში ქართულს ცეკვავდა, მერე ფეხბურთელი გახდა. დიდი კარიერა უნდა ჰქონოდა. გორდამდე დინამოში იყო და მისი ნიჭის ამბავი კარგად ვიცოდი.

მე რომ გორდას ვიგონებ, ასე 25-26 წლისა იქნებოდა. ეს ის დროა, როდესაც საქართველოს ნაკრები პირველ ნაბიჯებს დგამს, ჩვენ კი დიდი წარსულის ბახუსი ჯერ არ გაგვნელებია და გვჯერა, რომ მომავალიც დიდებული იქნება. თან, საუცხოო ფეხბურთელები გვყავს. ჩინებული ახალგაზრდებიც მოდიან.

იმ მზიან დღეს რუსთავში ადრე ჩავედი, შუადღისას. ვიფიქრე, თამაშამდე დაველაპარაკები მეთქი. იქვე, სტადიონის ტერიტორიაზე, პატარა შენობა იდგა, შიგ ფეხბურთელების მოსასვენებელი ოთახები იყო. ფანცულაიას ეძინა. რა მექნა, ხომ არ გავაღვიძებდი. გარეთ გამოვედი და ჩამოვჯექი. ბევრი ლოდინი არ დამჭირვებია. მალე გაიღვიძა. ბიჭებს უთქვამთ ჟურნალისტი გელოდებაო და ჩამოვიდა. კარგი პატარა ინტერვიუ გამოგვივიდა. უფრო ჩანახატი იყო.

იმავე წელიწადს, აღდგომის ღამეს, დიდუბის ეკლესიაში ლიტანიობაზე შევხვდი. მერეც ვხედავდი ხოლმე დიდუბეში, შემდეგ კი დრო გავიდა და… გორდა სადღაც გაქრა. იმავე პერიოდში ფანცულაიასაც რაღაც შეემთხვა. მგონი მსაჯთან კამათისთვის ხანგრძლივი  დისკვალიფიკაცია მისცეს; უცხოეთში წასვლაც ვერ მოახერხა და თანდათანობით დიდი ფეხბურთის კალაპოტიდან ამოვარდა. ერთი სიტყვით, ამ ნიჭიერი კაცის კარიერა მე რომ ველოდი ისე ვერ წავიდა.

მერე მე გაზეთში ახალი საქმე დამავალეს და აღარც შევხვედრივარ. ის მწვრთნელი გახდა. ბევრგან წავიკითხე, რომ თორნიკე ოქრიაშვილი მას აღუზრდია.

2019 წელს კი მამუკა ფანცულაია გარდაიცვალა.

გიორგი ფანცულაია - ქუთაისში ჩასატარებელ შეხვედრაში ჩვენი გულშემატკივრის  იმედიც გვექნება - 1TV

და აი, გუშინ თუ გუშინწინ კოსოვოსთან, ესპანეთთან და ბულგარეთთან თამაშების წინ საქართველოს ნაკრებში გამოძახებულების სიას რომ ვათვალიერებდი, მიწვეულთა შორის გიორგი ფანცულაიას სახელი და გვარი დავინახე.

გიორგი მამუკას ვაჟია. ტექნიკური და სწრაფი თავდამსხმელი. ძალიან მინდა, რომ გაუმართლოს. მასაც და ყველას, ჩვენს ბიჭებს.

ფეხბურთელების გვარების კითხვისას კი, გონებამ უნებურად შორს, 1990-იანი წლების დასაწყისში წამიყვანა. იმ დროში, როდესაც რუსთავში სულ მზიანი დარი იდგა და მე მეგონა, რომ ქართულ ფეხბურთს დიდი მომავალი ჰქონდა.

ისე, არ დაგიმალავთ და ახლაც ასე მგონია.

 

 

Leave a comment

Your email address will not be published.