როჯერ ფედერერის ასპარეზობა „უიმბლდონზე“ ხელოვნების ნიმუშია. 8 აგვისტოს „შვეიცარიელ მაესტროს“ 40 წელი შეუსრულდება.
გასულ წელს მან 2 ოპერაცია გაიკეთა მუხლზე, მიმდინარე სეზონში მხოლოდ 4 ტურნირზე მოასწრო ასპარეზობა და სრულფასოვანი მომზადების გავლა მაინც ვერ შეძლო „უიმბლდონისთვის“.
ასეთ „საველე პირობებში“ გრანდ სლემის ტურნირზე 1/4 ფინალში გასვლა არარეალურად მაგარი შედეგია, თან თუ გავითვალისწინებთ მის განვლილ გზასაც (მოუგო კამერონ ნორის, ლორენცო სონეგოს). 39 წლის ასაკში როჯერმა ელიტარული დონის ჩოგბურთი აჩვენა და მასზე გაცილებით ახლაგაზრდები „გააქრო“ კორტიდან.
თუმცა, როჯერმა ამ შემთხვევაში დროს ვეღარ აჯობა, ეს ყველაფერი კი 1/4 ფინალში ნათლად გამოჩნდა ჰუბერტ ჰურკაჩთან. ფედერერმა კარიერაში მესამედ და პირველად 2002 წლის შემდეგ წააგო „უიმბლდონზე“ 3 სეტში. XXI საუკუნეში კი მეორედ დათმო სეტი გეიმის მოუგებლად – 3:6 6:7 0:6.
პოლონელთან მატჩში ფედერერის თავის ასაკის შესაბამისად გამოიყურებოდა – თამაშობდა ისე, როგორც უნდა იასპარეზოს 40-ს მიტანებულმა ადამიანმა. როჯერი უბრალოდ ძალიან დაიღალა და ეს მის შედეგსაც დაეტყო…
პირველ სეტში ჰურკაჩი დომინირებდა. მეოთხე გეიმში მან 3 ბრეიკპოინტი გაუშვა ხელიდან, თუმცა მე-6 გეიმში მაინც აიღო მეტოქის ჩაწოდება და 4:2 დაწინაურდა. ჰუბერტს აღარ გასჭირვებია სეტის ლოგიკურ გამარჯვებამდე მიყვანა 6:3.
მეორე პარტიის სტარტზე უკვე როჯერი გამოიყურებოდა ბევრად უკეთესად – ადრეული ბრეიკი შეასრულა და 4:1 გავიდა წინ, თუმცა პოლონელმა დროულად მოახერხა „გამოფხიზლება“ და საკმაოდ იოლად გაათანაბრა ანგარიში.
მეორე სეტის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც როჯერმა რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა და მეორე პარტიაც დათმო.
მესამე სეტში კი როჯერი საკუთარ წაგებას შეგუებული იყო – 29 წუთში მშრალი ანგარიშით წააგო და „უიმბლდონზე“ გამოსვლაც დაასრულა.
ჰურკაჩი კარიერაში პირველად გავიდა „უიმბლდონის“ 1/2 ფინალში, სადაც მატეო ბერეტინის შეხვედება, რომელმაც თავისმხრივ 6:3 5:7 7:5 6:3 სძლია კანადელ ფელიქს ოჟე ალიასიმს.
იტალიელს 10 მატჩიანი მოგებათა სერია გააჩნია და მშვენიერ შანსს ინარჩუნებს, რათა კარიერაში პირველად გავიდეს დიდი სლემის ტურნირის ფინალში.
მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე როჯერმა საკუთარ მდგომარეობაზე ისაუბრა:
„ძალიან დავიღალე, დიდი სიამოვნებით დავიძინებდი აქვე. ფსიქოლოგიურად ძალიან რთული იყო ჩემთვის ამ მატჩის წაგება, თუმცა ვთვლი რომ 39 წლის ასაკში 1/4 ფინალში გასვლა ურიგო შედეგი ნამდვილად არ არის.
დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი მომდევნო წელსაც „უიმბლდონზე“, თუმცა ჩემს ასაკში წინასწარ ვეღარაფერს დაგეგმავ.“