ინდიან-უელსის მასტერსზე ჰუბერტ ჰურკაჩმა 6:3 6:2 დაამარცხა ამერიკელი ფრასის ტიაფუ და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. ამ გამარჯვების ფონზე პოლონელი ჩოგბურთელი რეიტინგში გადაასწრებს როჯერ ფედერერს.
დიდი სლემის ტურნირების 20-გზის გამარჯვებული როჯერ ფედერერი ორშაბათიდან ტოპ 10-ს დატოვებს და მე-11 პოზიციამდე ჩამოქვეითდება.
ბოლოს, როდესაც როჯერი რეიტინგის ტოპ 10-ში არ იმყოფებოდა, 2017 წლის ავსტრალიის ღია პირველობის წინ დაფიქსირდა. მაშინ შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა (N 17) მოიგო Australian Open და დაბრუნდა ტოპ 10-ში.
შეგახსენებთ, რომ 40 წლის ფედერერმა მიღებული სხვადასხვა ტრავმების ფონზე მიმდინარე სეზონში უკვე დაასრულა ასპარეზობა და ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი კორტს მხოლოდ 2022 წელს დაუბრუნდება.