ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში A ჯგუფის 2 შეხვედრა გაიმართა. ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა იტალიის ნაკრებმა უელსი 1:0 დაამარცხა, შვეიცარიამ კი უსახო თურქეთს 3:1 მოუგო.
სკუადრა აძურამ მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ მანჩინის შეგირდებმა 1 გოლი გაიტანეს, მართლაც ჩინებულად გამოიყურებოდნენ. მატჩის ერთადერთი გოლი 39-ე წუთზე გავიდა. მარკო ვერატის ჩაწოდებული ჯარიმის შემდეგ, მატეო პესინამ გაიტანა. აშკარად შესამჩნევი იყო, რომ კომბინაცია დამუშავებული გახლდათ და ვერატის ალალბედზე არ ჩაუწოდებია. იტალიის ნაკრებმა 9 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე გავიდა, უელსელები 4 ქულით მეორე პოზიციას დასჯერდნენ.
მეორე შეხვედრაში შვეიცარიის ნაკრები ჩემპიონატის ერთერთ ყველაზე სუსტ თურქეთის ეროვნულ გუნდს შეხვდა და 3:1 დაამარცხა. გუნდებს შორის სხვაობა საკმაოდ დიდი იყო და ადვილად შესამჩნევი იყო, რომ თურქეთი ევროპის ჩემპიონატს უქულოდ დატოვებდა. ეგ კი არა გოლის გატანაც კითხვის ნიშნიშ ქვეშ იდგა, თუმცა თურქებმა ეს მაინც შეძლეს. ანგარიში უკვე მე-6 წუთზე სეფეროვიჩმა გახსნა, 20 წუთში შაქირიმ შეაგდო. მეორე ტაიმში თურქეთმა 1 ბურთი გაქვითა, 62-ე წუთზე კაჰვეჩიმ მარცხენათი გაისროლა და შესანიშნავი გოლი გაიტანა. მატჩს წერტილი შაქირიმ დაუსვა, რომელმაც 68-ე წუთზე დუბლი გაიფორმა. შვეიცარია 4 ქულით მესამე ადგილზე გავიდა, თურქეთმა კი ევროპირველობა 0 ქულით და მეოთხე პოზიციით დატოვა.