პოლ ჯორჯის ფენომენალური თამაშის და 41 ქულის წყალობით „კლიპერსმა“ სტუმრად 116:102 დაამარცხა ფინიქსი და საპლეიოფო სერიაში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა 2:3.
მეხუთე შეხვედრას ლოს ანჯელესური კლუბი სერიოზული დანაკლისით შეხვდა, ტრავმირებულ კავაი ლეონარდს ივიცა ზუბაციც დაემატა. ხორვატ ცენტრს ფეხის ტერფის დაზიანება აქვს და იგი გაურკვეველი ვადით გამოაკლდა გუნდს.
შეხვედრის პირველი მეოთხედი „კლიპერსის“ სრული უპირატესობით წარიმართა – გუნდი შეტევაშიც და დაცვაშიც სტაბილურად კარგად ასპარეზობდა. რეჯი ჯექსონმა ლიდერობა საკუთარ თავზე აიღო – 11 სროლიდან 9 ჩააგდო და სტუმრები 20:5 გაექცნენ მეტოქეს.მშვენივრად გამოიყურებოდა მარკუს მორისიც, რომელმაც თავის ყოფილ გუნდს პირველ ტაიმში 20 ქულა „მიართვა“.
ბუკერის და კრის პოლის ზუსტი ტყორცნების შემდეგ „ფინიქსმა“ სიტუაცია ოდნავ გამოასწორა და დიდ შესვენებაზე 7 ქულიანი ჩამორჩენით გავიდა 52:59.
მესამე მეოთხედში გაიბრწყინა პოლ ჯორჯმა, „კლიპერსის“ ფორვარდს თანაგუნდელთა დახმარება არ სჭირდებოდა – იგი მარტო, ერთი ერთზე ანადგურებდა მოწინააღმდეგეს, ჩაუგდო რა მეტოქეს 20 ქულა.
მეოთხე მეოთხედის სტარტზე „სცენაზე“ უკვე დემარკუს კაზენსი გამოვიდა, რომელმაც აიკლო მეტოქე სამწამიანი ზონიდან და „კლიპერსის“ უპირატესობა უკვე 13 ქულამდე გაიზარდა 96:83.
„სანზმა“ უკანსაკნელად გაიბრძოლა – ჯერ კრის პოლმა ჩააგდო ახლო დისტანციიდან, რასაც დევინ ბუკერის და კამერონ ჯონსონის ზუსტი ტყორცნები მოყვა. სტუმართა უპირატესობა 4 ქულამდე „ჩამოლღვა“ 96:92.
გადამწყვეტ მომენტში ისევ რეჯი ჯექსონმა „ივარგა“, რომელმაც ზედიზედ ორჯერ გაისროლა შორი დისტანციიდან და ლოს ანჯელესურ გუნდს 10 ქულიანი უპირატესობა დაუბრუნა.
„კლიპერსმა“ უპრობლემოდ შეინარჩნა მოპოვებული ჰანდიკაპი მატჩის ბოლომდე და უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაც იზეიმა.
მატჩის გმირი პოლ ჯორჯი გახდა, რომლის ანგარიშზეც 41 წუთში 41 ქულა გახლდათ.“კლიპერსის“ ლიდერმა 18-ჯერ ესროლა ბურთი მეტოქის კალათს და 13 ჩააგდო. მის ანგარიშზე ასევე გახლდათ 13 მოხსნა, 6 პასი და 3 ჩაჭრა.
23 ქულა დააგროვა რეჯი ჯექსონმა, 22 მარკუს მორისმა, 15 სათადარიგოთა სკამიდან შემოსულმა დემარკუს კაზინსმა.
„ფინიქსის“ რიგებიდან 31 ქულა ქონდა დევინ ბუკერს, 22 ქულა დააგროვა კრის პოლმა, თუმცა CP3-მა საშინლად ესროლა პერიმეტრიდან – ექვსივე სამქულიანი ააცილა.
კონფერენციის ფინალის მე-6 შეხვედრა ლოს ანჯელესში, „კლიპერსის“ საშნაო არენაზე გაიმართება, სადაც პოლ ჯორჯს და მის თანაგუნდელებს მშვენიერი შანსი ექნებათ საპლეიოფო სერიაში ანგარიშის გათანაბრების.