ინგლისის ნაკრებმა ამ ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო მატჩი ჩაატარა. საუთგეიტის შეგირდები 1/4 ფინალში უკრაინის ეროვნულ გუნდს შეხვდნენ და 4:0 დაამარცხეს.
ბრიტანელებმა შევჩენკოს შეგირდები თითქმის ყველა კომპონენტში დაჩაგრეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს. ანგარიში უკვე მე-4 წუთზე გაიხსნა, სტერლინგის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ, კეინმა ერთი შეხებით შეაგდო. ინგლისელებმა მეორე ტაიმი მშვენივრად დაიწყეს, 46-ე წუთზე შოუს ჩაწოდებული ჯარიმის შემდეგ, მაგუაიერმა თავით გაიტანა. 4 წუთში შოუმ კიდევ ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა და კეინს დუბლი შეასრულებინა. შეხვედრას წერტილი შეცვლაზე შესულმა ჯორდან ჰენდერსონმა დაუსვა, რომელმაც მაუნთის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ თავით გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ჰენდერსონმა ნაკრებში პირველად შეაგდო.
ინგლისის ნაკრებმა დაამტკიცა, რომ ტურნირის ფავორიტად ტყუილად არ ითვლება, საუთგეიტის შეგირდები 1/2 ფინალში დანიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან, მატჩი 7 ივლისს უემბლიზე ჩატარდება. რაც შეეხება უკრაინის ნაკრებს, შევჩენკოს ფეხბურთელებისადმი კარგის მეტი არაფერი ითქმის, რადგან ამ გუნდისთვის 1/4 ფინალი ცხადია შესანიშნავი შედეგი გახლავთ.