“ფილადელფიას” წაგებათა სერია გრძელდება. ორშაბათს, გუნდის ლიდერს – ჯოელ ემბიდს კორონავირუსი დაუდასტურდა და დაახლოებით 10 დღით ჩამოსცილდა სავარჯიშო პროცესს, მის არყოფნაში კი “ფილამ” ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო.
დღეს გამთენიისას, ინდიანაპოლისში “ინდიანამ” უმასპინძლა “76-ერსს” და მეტოქე მძიმე ბრძოლაში 118:113 დაამარცხა. “პეისერზის” მწვრთნელ რიკ კარლაილისთვის ძალიან დიდ ფუფუნებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მეორე ხუთეულში ყავს ჯასტინ ჰოლიდეი. სათადარიგო გამთამაშებელი ბრწყინვალედ ჩაერთო მატჩში და 27 ქულით დაეხმარა მასპინძლებს. კარიერული მეორე სამმაგი დუბლი შეასრულა მალკომ ბროგდონმა, რომელმაც 13 ქულასთან ერთად 10 მოხსნა და 10 პასიც დააგროვა. მალკომის პირველი სამმაგიდან კი თითქმის 5 წელია გასული – მაშინ ბროგდონმა “მილუოკის” მაისურით შეძლო ეს.
მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ტაირის მაქსის მიერ ჩაგდებული ბურთის წყალობით “ფილადელფიამ’ მეტოქესთან ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა 102:107. სწორედ ამ დროს ათამაშდა საუცხოოდ “პეისერზის” უკანახაზელი თი ჯეი მაკონელი, რომელმაც ზედიზედ სამჯერ გაისროლა ზუსტად და საკუთარი გუნდის უპირატესობა 115:104-მდე აქაჩა. მასპინძლებმა მატჩი იოლად მიიყვანეს ლოგიკურ გამარჯვებამდე.
ტრადიციულად მაღალ დონეზე ჩაატარეს შეხვედრა “ინდიანას” ტანმაღალმა კალათბურთელებმა – საბონისს მორიგი ორმაგი დუბლი ქონდა 18 ქულა, 12 მოხსნა, 5 პასი. მაილს ტერნერმა 20 ქულასთან ერთად 6 დაფარებაც განახორციელა. საწუხაროდ ‘პეისერზის” განაცხადში არ ყოფილა ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე, რომელმაც მოპოვებულ გამარჯვებაში წვლილი არ მიუძღვის.
ემბიდის არყოფნაში “ფილადელფიას” ტობაიას ჰარისმა ულიდერა – 32 ქულა+11 მოხსნა. სოლიდური ორმაგი დუბლი ქონდა ანდრე დრამონდს – 11 ქულა+16 მოხსნა (8 მეტოქის ფარზე).
14 გამართული მატჩის შემდეგ “ინდიანას” 6 მოგება და 8 წაგება აქვს, ხოლო “ფილას” 8 მოგება და 6 მარცხი.